თეატრი

უუფლებონი !

„მარიამ სტიუარტის“ მსახიობები საქართველოში ნაკლებად ცნობილნი არიანო, აღნიშნა თემურ ჩხეიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში და მისი ნათქვამი ბევრმა „ხელზე დაიხვია“, ჩათვალა რა, რომ „საქართველოში ნაკლებად ცნობილი“ ყველასთვის „უცნობს“ და „აღიარებას მოკლებულს“ ნიშნავს. სხვა შემთხვევაში, ნაკლებად ცნობილ მსახიობებზე რატომ შეაჩერეთ ყურადღებაო, აღარ ვკითხავდით რეჟისორს, რომელიც შემოქმედებითი ჯგუფის არჩევანით ყოველთვის გამოირჩეოდა. თბილისში სანკტ-პეტერბურგიდან ჩამოსული გიორგი ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრის დასის გამოცდილებაზე მეტყველებდა პროგრამა, რომელიც სახალხო და დამსახურებული არტისტების სახელებითა და გვარებით იყო სავსე, რომ აღარაფერი ვთქვათ ფრიდრიხ შილერის „მარიამ სტიუარტზე“, რომლის მარჯანიშვილის თეატრში წარმოდგენით თემურ ჩხეიძემ ქართველ მაყურებელს ორი დაუვიწყარი საღამო აჩუქა.

შილერის მიერ 1800 წელს დაწერილი ტრაგედია, რომელიც 1586-87 წლების ინგლისში ვითარდება, რეჟისორმა 3 საათსა და 10 წუთში ჩაატია. მხოლოდ ისტორიული ფონი და ისტორიული კონფლიქტი, რაც თავის დროზე თვით დრამატურგმაც მეორე პლანზე გადაიტანა, თემურ ჩხეიძემ კიდევ უფრო მეათეხარისხოვანი გახადა და მთავარი აქცენტი, როგორც სჩვევია ხოლმე, ადამიანზე, უფრო კონკრეტულად: ორი ქალის ხვედრზე, მათ შეზღუდულ თავისუფლებაზე, უფლებებსა და მარტოობაზე გააკეთა. ვიდრე ცნობილი და მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში განხორციელებული პიესის ჩხეიძისეულ გადაწყვეტაზე ვიტყოდე, აღვნიშნავ, რომ ბ-ნი თემური საუკეთესო ინტერპრეტატორია, რამდენადაც შეუძლია „უკვდავყოს“ ავტორი, რომლის ნამუშევარსაც ხელს მოჰკიდებს, იმით, რომ მის ნაწარმოებს არ დაუკარგოს არაფერი, რაც ღირებული აქვს. ჩხეიძესთან ყოველთვის გამოკვეთილია სათქმელი, აქტუალურია თემა, რომელსაც ეხება და წარმოჩენილია ის, რაც სხვებისთვის „უხილავი“ და „ტექსტში ჩაკარგული“ შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომაც იწვევს მისი თითოეული წარმოდგენა ინტერესსა და მოლოდინს, განსაკუთრებით მათში, ვისაც ტექსტზე დაფუძნებული თეატრი და ტრადიციულ თეატრალურ ფორმაში მოწოდებული სანახაობა უყვარს.

წელს დადგმული „მარიამ სტიუარტის“ პირველივე სცენიდან ყურადღებას იქცევს სცენოგრაფია, რომელიც ასევე ქართველს, ცნობილ თეატრის მხატვარს - გოგი ალექსი-მესხიშვილს ეკუთვნის. მის მიერ გაფორმებული სივრცე ერთდროულად ორივე დედოფლის ადგილსამყოფელს გვაჩენებს: მარცხენა კუთხეში მარიამ სტიუარტის სატუსაღოდ ქცეული ციხესიმაგრის ერთ-ერთი ოთახია მოცემული, ხოლო მარჯვენაში - ელისაბედის სასახლის სათათბირო-მისაღები. ოთახების ინტერიერი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება, რამდენადაც რომელიმე ერთის უპირატესობის წარმოჩენა მთავარი ამოცანა სულაც არ არის მხატვრისთვის, რომელიც რეჟისორის კონცეფციას ზუსტად და ოსტატურად „ემორჩილება“. სცენოგრაფი ძალიან სადა, მრავალფუნქციური და ადვილად მოძრავი დეკორაციით ხელსაყრელ სივრცეს ქმნის როგორც მსახიობთა გადაადგილებისთვის ასევე სხვადასხვა სცენის განვითარებისთვის.

ზემოთ აღნიშნული ოთახები, სცენის წინა პლანის მარცხენა და მარჯვენა ნაწილები, ერთმანეთისგან მხოლოდ ზემოდან დაშვებული მართხკუთხა ფორმის დეკორაციით არის გამოყოფილი. ხის რამდენიმე მოჩარჩოება შუაში სარკმლების მსგავსად არის ამოჭრილი, ქვემოთ გამჭვირვალეა. ვერტიკალები მარტივად ტრიალდება და ჯერ თვალწინ გვიშლის მესამე პლანს, მეორე მოქმედებაში კი უკვე აღარ „ეფარება“ სიღრმეს, მეოთხე პლანს, სადაც ხიდის მსგავსი კონსტრუქციაა მოწყობილი და საიდანაც ელისაბედი ბაღში მოსეირნე მარიამს პირველად მოჰკრავს თვალს, შემდეგ კი პირისპირ, ვითომდა შემთხვევით, „შეეჩეხება“.

თავდაპირველად მოქმედებები, ერთმანეთის პარალელურად, მხოლოდ ერთ ან ორ პლანში ვითარდება. წარმოდგენის მეორე ნახევარში მიზანსცენები უკვე ისეა აწყობილი, რომ მთელ სასცენო სივრცეს მოიცავს და უფრო მრავალპლანიან, მრავალფიგურიან კომპოზიციას ქმნის. სცენოგრაფია, განათების მხატვრობა (ვ. ვლასოვი), ქორეოგრაფია (ს. გრიცაი), მუსიკალური გაფორმება (გამოყენებულია ნაწყვეტები ჰ. მალერისა და ა. შნიტკეს ნაწარმოებებიდან) მაყურებელს თვალს და ყურს კი არ „ჭრის“, პირიქით, უქმნის ყველანაირ პირობას და განწყობას იმისთვის, რომ დაინახოს, მოისმინოს და აღიქვას ყველაფერი, რისთვისაც სპექტაკლი დაიდგა.

განსაკუთრებული შეგრძენებაა, როდესაც ხედავ, რომ უცხოეთში განხორციელებული დადგმის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ქართველებს მიუძღვით. თუმცა, როდესაც მხატვრული ხარისხით გამორჩეულ ხელოვნების ნიმუშთან გაქვს საქმე, ნაკლებად მნიშვნელოვანია თუ რა ეროვნების წარმომადგენლების დამსახურებით შეიქმნა - ქართველების, რუსების, ამერიკელების თუ სხვების . . . რომ არა სანკტ-პეტერბურგელი მსახიობები, რომლებიც სამსახიობო ოსტატობით ყოველთვის გამოირჩეოდნენ, აღნიშნული წარმოდგენაც, ვფიქრობ, სხვანაირი იქნებოდა. ისინი ჩვენთვის ჯერ კიდევ ძალიან კარგად ნაცნობ ენაზე მეტყველებდნენ და თანაც როგორ გამართულად, სუფთად; მათი ხმა და მეტყველება ემოციური მონოლოგებისა და დიალოგების დროსაც კი მკაფიო და ყველასთვის გასაგები იყო. მიუხედავად იმისა, რომ რუსული თეატრის მსგავსად, ქართული თეატრალური ხელოვნების ნიმუშთა უმეტესი ნაწილი დრამატურგიულ ნაწარმოებზე, ანუ ტექსტზეა აგებული, მეტყველების კულტურით, შეიძლება ითქვას, რომ ვეღარ გამოვირჩევით.

პირველივე სცენიდან ხვდები, რომ სცენაზე და სცენის მიღმა პროფესიონალები დგანან. ამის მიუხედავად, ადვილი არ არის მაყურებელს მოუთხრო ამბავი, რომლის დასაწყისი, განვითარება და დასასრული მისთვის ცნობილია. მთელი შემოქმედებითი ჯგუფის და განსაკუთრებით, რეჟისორის წარმატებაც სწორედ იმაშია, რომ ზემოთ აღნიშნული რეალობის მიუხედავად, მათ შეძლეს და მარიამ სტიუარტის თავის მოკვეთამდე დარჩენილ სამ დღეში განვითარებული მოვლენები დამაჯერებლად და საინტერესოდ მოგვაწოდეს.

ადამიანი, მისი სულიერი სამყარო და განცდები რომ თემურ ჩხეიძის შემოქმედების მთავარი თემაა, ქართველმა მაყურებელმა კარგად იცის. 2010-11 წლებში საქართველოში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ჩამოტანილი დიდი დრამატული თეატრის წარმოდგენების - მაიკლ ფრეინის „კოპენჰაგენისა“ (სცენოგრაფი გოგი ალექსი-მესხიშვილი) და თეოდორ დოსტოევსკის „ბიძიას სიზმარის“ შემდეგ, რეჟისორმა არჩევანი „მარიამ სტიუარტზე“ შეაჩერა. მასში ჩხეიძემ ქალის უძლურება და უსუსურობა გამოკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ „ისტორიული შემთხვევითობის“ თუ ბედისწერის „წყალობით“, ორი მთავარი პერსონაჟი ქალის მდგომარეობა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება, უმაღლეს ხელისუფლად შერაცხულიც კი ისეთივე დაუცველი და მარტოსულია, როგორც დატყვევებული. კანონი რომ ყველასთვის ერთი არ არის, ადასტურებს ცხოვრება, ერთის მხრივ, მარიამის, რომელიც კანონის დარღვევით სწორედ იმათ გაასამართლეს, ვინც კანონი მიიღო, მეორეს მხრივ, ელისაბედის, რომელიც შესაძლოა „გაექცეს“ კანონს და სათავისოდაც კი გამოიყენოს ის, მაგრამ ვერსად წაუვა ხალხის მოთხოვნას, ბრბოს ნებასურვილს, საზოგადოების აზრს, რომელიც თავისუფალი არჩევანის უფლებას ართმევს.

წარმოდგენაში საინტერესოდ ვითარდება ელისაბედის გარშემო შემოკრებილი, ხელისუფალთან დაახლოებული მამაკაცების ბედი. ისინიც სწორედ საზოგადოების აზრით მანიპულირებენ და ყოველთვის ახერხებენ იმას, რომ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა თავიდან აიცილონ და ზურგზე ტვირთად აჰკიდონ ქალს, რომელიც სინამდვილეში სწორედ მათში ეძებს დასაყრდენს, თანაგრძნობას, თანადგომასა და ერთგულებას.

ელისაბედს განასახიერებს რუსეთის სახალხო არტისტი, სტანისლავსკის პრემიის ლაურეატი მარინა იგნატოვა, მარიამ სტუარტს - ირინა პატრაკოვა. საკუთარი პერსონაჟის სახე და ტრაგედია ორივემ ოსტატურად დაგვიხატა. თუმცა, მათ შორის განსაკუთრებით მაინც მარიამ სტიუარტი მომეწონა, რომლის გარდასახვის უნარიც - ერთდროულად იყოს ძლიერიც და სუსტიც, ჭკვიანიც და დაბნეულიც, მედგარიც და მთრთოლვარეც, აღფრთოვანებას იწვევს. დამაჯერებელია ყველგან, მაგალითად ერთ-ერთ პირველში სცენაში, როდესაც დებატებში იწვევს რუსეთისა და უკრაინის სახალხო არტისტს, რამდენიმე სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ლორდ ბერლის როლის შემსრულებელ ვალერი ივჩენკოს, რომელიც ელისაბედისგან მისი სიკვდილით დასჯას მოითხოვს. მასთან სიტყვიერი შერკინებისას სტიუარტი ძლიერი და უშიშარი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, მისი ოთახიდან გასვლის შემდეგ კი, საკუთარ გამზრდელთან მარტო დარჩენილი, ისე ცახცახებს, რომ სიბრალულსა და თანაგრძნობას იწვევს. ირინა პატრაკოვა განასახიერებს ქალს, რომელიც ლამაზიც არის და მიმზიდველიც, ყველა ხერხს მიმართავს იმისთვის, რომ საკუთარი სიცოცხლე იხსნას და თავი გადაირჩინოს. სიამაყის შებღალვის უფლებას არავის აძლევს, მაგრამ სულგრძელობა, სასიკვდილო განაჩენის მიუხედავად, გარშემომყოფთა მიტევებაში ეხმარება. რეჟისორის, პარტნიორებისა და საკუთარი სამსახიობო ოსტატობის მეშვეობით, პატრაკოვა ქმნის სტიუარტის ისეთ სახეს, როგორიც არ გვინახავს. ემოციურად არის დატვირთული სცენა, რომელშიც მარიამს ეშაფოტზე გასასვლელად ამზადებენ: წრეზე დარბის, რამდენადაც უნდა რომ გაექცეს მოახლეს, რომელიც წითელი კაბით (მისი ბოლო სამოსით) ხელში დასდევს, ცდილობს დაეწიოს და ჩააცვას. ფინალურ სცენებში კარგად ჩანს, რამდენად არ ეთმობა სიცოცხლე და უჭირს შეინარჩუნოს სიმშვიდე, მაგრამ როგორ ცდილობს, არ დაკარგოს ქალის სახე და სილამაზე.

მარიამ სტიუარტის მთავარი შეკითხვა თუ არის - „გააქვთ კი სამართლიანი კანონი?“, მარტო დარჩენილი ელისაბედი ამბობს ფრაზას - „ვაი იმას, ვინც ბრბოს დაეყრდნობა!“, რომლის სიმწარეც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი და მისი ხვედრის გაზიარებას არავის ურჩევს. ელისაბედი მსხვერპლია, არა მხოლოდ როგორც მონარქი, არამედ როგორც ქალი, რომელიც ჯერ გამოიყენეს, შემდეგ - მიატოვეს. მარინა იგნატოვას მიერ განსახიერებულ პერსონაჟში ჩანს, რამდენად ფრთხილი, გონიერი და დაკვირვებული ქალია ელისაბედი, როგორ ცდილობს ხელიდან არ გაუშვას და ბოლომდე გამოიყენოს შანსი, რომელიც შეიძლებოდა სტიუარტს მისცემოდა . . . თუმცა, ნაწარმოების ხიბლიც იმაშია, რომ ავტორი სიუჟეტს ერთმანეთის საწინააღმდეგო არგუმენტებზე აგებს. რეჟისორი გვაჩვენებს, რომ ელისაბედიც ისეთივე დაუცველი და უმწეოა, როგორც სხვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე თავისუფალ არჩევანს და თავისუფლებას ეხება.

მარინა იგნატოვას პერსონაჟი შვებას იგრძნობს, როდესაც თამაშიდან გავდივარო, განაცხადებს, მაგრამ მისი ტრაგედიაც იმაშია, რომ ვერ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, რომელიც იტყვირთა და კიდევ, მას არ შეუძლია არ უყვარდეს, არ საჭიროებდეს თანადგომას და თანამოაზრეს. იგნატოვას პერსონაჟის გაბოროტების და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზეზიც სწორედ სიმარტოვის, ღალატისა და საყვარელი ადამიანის წინაშე დამცირების განცდაა. მაყურებლისთვის საინტერესოა მისი და ლესტერის, ასევე, მრჩევლების დიალოგი, როდესაც მსახიობი ცდილობს ინგლისის ბედსა და მომავალზე მოფიქრალი, ყველაფრის უსისხლოდ დამთავრების მსურველი ქალის სახე შექმნას. იგნატოვას მონაწილეობით შთამბეჭდავია ბოლო ორი ფინალური სცენა, როდესაც ორი ქალი ერთმანეთს სცენის შუაგულ სიღრმეში, თეთრი განათებით „დამშვენებული“ მოჩარჩოების შაუგულში ხვდება: ორივეს წითელი კაბა აცვია, ორივე თანასწორია (სქესით და წარმომავლობით) და ორივე მსხვერპლია საკუთარი უუნარობის - იყოს თავისუფალი! სცენის სიღრმიდან გამოსული ელისაბედი მთელი წარმოდგენის განმავლობაში, როგორც მახსოვს, პირველად ეშვება სავარძელში, როგორც ხელისუფალისთვის განკუთვნილ ადგილას და მართალია როგორც იქნა მოიშორა კონკურენტი, მაგრამ მარინა იგნატოვას პერსონაჟში იგრძნობა, რომ მისი სიმშვიდე მოჩვენებითია. უსიტყვო ფინალური სცენა მთელ წარმოდგენაში, პირადად ჩემთვის, ყველაზე მეტყველი აღმოჩნდა: მართალია ელისაბედი ცოცხალია, მაგრამ სულაც არ არის გამარჯვებული ან ბედნიერია, ის ყველაზე მიტოვებული და უნუგეშოა...

მსახიობთა საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაზრისით, არანაკლებ საინტერესოდ განასახიერა საკუთარი პერსონაჟი ვალერი ივჩენკო, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენე. უფროსი თაობის წარმომადგენლის თამაშში მისი სამსახიობო ოსტატობა თვალნათლივ გამოვლინდა და განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა სცენაში, როდესაც მთელი სპექტაკლის განმავლობაში შეუვალი და მტკიცე ხასიათის, სტიუარტის სიკვდილით დასჯის მომხრე ლორდი სიკვდილის წინ მარიამს სულ სხვაგვარად ექცევა, მისი ხმის ტემბრი ხდება თბილი, მიმართვა რბილი და მორჩილი. ივჩენკოს გმირისგან განსხვავებით, გენადი ბოგაჩევის ჯორჯ ტალბოტი, რომელიც ბერლის მთავარი ოპონენტია, ემოციურად, მაგრამ არგუმენტირებულად ცდილობს ელისაბედი მარიამ სტიუარტისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაში დაარწმუნოს. მათგან განსხვავებით, ბევრად სახიფათო და რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი სილამაზის მოტრფიალე გრაფი ლესტერი, რომელსაც ვალერი დეგტიარი თამაშობს. ცნობილმა მსახიობმა გამჭრიახი, ფრთხილი და ორივე ქალში იმედის აღმძვრელი მამაკაცის სახე შექმნა. მათთან ერთად, თითოეული მსახიობის თამაშითა და მათი პერსონაჟების დამოკიდებულებით ორი ქალისადმი, რეჟისორი სვამს კითხვებს, რომლებზედაც თანამედროვე ადამიანი შეიძლება დაფიქრდეს და აღმოაჩინოს, რომ თემურ ჩხეიძის მიერ მოთხრობილი დღეს გაცილებით აქტუალურია, ვიდრე ოდესმე, თუნდაც მარტოსული ელისაბედის ცხოვრების პერიოდში.

 

კომენტარები