საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი ქართულ-ამერიკულ წვრთნებს დაესწრო

საქართველოს დღეს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, აშშ-საქართველოს ერთობლივ სამხედრო სწავლება "Agile Spirit" დაესწრო.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველომ სერიოზულ პროგრესს მიაღწია თავდაცვითი ინფრასტრუქტურის გამაგრებისა და საბრძოლო ტექნიკის გამოშვების თვალსაზრისით.

"ჩვენი მოკრძალებული სახსრების პირობებში ვაგრძელებთ ჩვენი თავდაცვითი შეიარაღებული ძალების განვითარებას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, ქართველი სამხედროების წვრთნა მსოფლიოს საუკეთესო საჯარისო შენაერთან ერთად ქმნის გამოცდილებას, რომელიც „ათწლეულების განმავლობაში დარჩება ქართულ საბრძოლო ტრადიციაში“.

 "ყოველ ასეთ ვარჯიშს, ყოველ ასეთ ურთიერთქმედებას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ისევე, როგორც ჩვენი ჯარისკაცების საბრძოლო სკოლის გავლას ავღანეთში. თუ ჯარს არ აქვს საბრძოლო გამოცდილება, თან ისეთ რეგიონში, როგორიც ჩვენ ვართ, ვინც არ უნდა ილაპარაკოს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენთვის ავღანეთში ყოფნა და იქ გაღებული მსხვერპლი, იმ ჯარის ფასი არის კაპიკი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებთან ერთად, აშშ-ს შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალების 300-ზე მეტი საზღვაო ქვეითი მონაწილეობს. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სამხედრო სწავლებას თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ატაშე და ამერიკელი ინსტრუქტორები დაესწრნენ.

ყოველწლიური სამხედრო წვრთნა "Agile Spirit" აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. ამ პროგრამით საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის ემზადება. წვრთნები 10 მარტს დაიწყო და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

 

კომენტარები