თსუ-ს მე-3 კორპუსის ეზოში მომხდარ ინცინდენტან დაკავშირებით დღეს შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჩხუბში მონაწილეთა ასაკის გათვალისწინებით, მათთვის გამაფრთხილებელი ოქმის შედგენით შემოიფარგლა. დამატებითი კომენტარისთვის ტაბულა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს, შოთა უტიაშვილს დაუკავშირდა. გთავაზობთ ამ საუბარს:
შსს-მ გაავრცელა განცხადება უნივერსიტეტში მოხდარ ამბავთან დაკავშირებით, სადაც ნახსენებია ”ჩხუბი”. ასევე ნათქვამია, რომ მასში მონაწილეებმა გაფრთხილება მიიღეს. არ ჩანს, კონკრეტულად ვინ მიიღო გაფრთხილება, იქნებ გვითხრათ - რომელიმე მხარემ, თუ ყველამ?
-არ ვიცი, პრესსამსახურს უნდა დაურეკოთ, მგონი ყველამ, ვინც მონაწილეობდა.
-გამოძიება შეწყდა?
-საქმე არ არის აღძრული
-გაფრთხილება რა იურიდიულ საფუძველზე მიეცა სტუდენტებს?
გაფრთხილება არის, დაახლოებით იმ იურიდიულ საფუძველზე, რაც შემაკავებელი ორდერი. თუ კიდევ ერთხელ განმეორდება, მაშინ უკვე დააკავებენ.
-ნახსენებია ასაკიც, ეს ადამიანები სრულწლოვნები არიან, რა შუაშია ასაკი?
-სრულწლოვანება არაფერ შუაშია, ახალგაზრდები არიან.
-ანუ უბრალოდ იმიტომ, რომ ახალგაზრდები არიან?
-ჰო
-რამდენად სამართლიანია მხოლოდ გაფრთხილებით შემოფარგვლა, როცა თავი აქვს ერთ-ერთს გატეხილი და სხვა მსგავს შემთვევებში, როგორც წესი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცემიან, ახალგაზრდობის მიუხედავად?
-ჯერ ერთი, დაზარალებულს შეუძლია კერძო სამართლის საქმე აღძრას და მოითხოვოს მეორე მხარის დასჯა, მეორე მხრივ, სამწუხაროდ, სტუდენტებს შორის ჩხუბი ხდება. ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ძალადობას ქონდა ადგილი, თუ ესე გაგრძელდა, სხვა ზომებს მივიღებთ.
-თუმცა ახლა ჩვენება მისცეს, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, მაგრამ საქმე მაინც არ აღიძრა
-ჰო.
ტაბულა დაუკავშირდა შსს-ს პრესამსახურსაც. პრესსამსახურის უფროსმა გვიპასუხა, რომ გაფრთხილება მიიღო ყველამ. ჩაკითხვის შემდეგ, განაცხადა, რომ გაფრთხილება არ მიუღია დაზარალებულს. საბოლოოდ, გვითხრეს, რომ პრესსამსახური უახლოეს მომავალში გაარკვევს, ინცინდენტის რომელ მხარეს მიეცა გაფრთხილება.




