თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი, თვითმმართველობის წარმომადგენლებს ფიზიკურ ძალადობასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ნეტგაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ზვიად მამფორია და გიორგი კოპალეიშვილი ყვებიან, დღეს ისინი თვითმმართველობის რამდენიმე წარმომადგენელმა თსუ-ს ერთ-ერთ შენობაში წაიყვანეს და ”ზედ შედგნენ”.
ნაცემი სტუდენტების მეგობარმა, თორნიკე უსტარიშვილმა, რომელიც მომხდარს შეესწრო, ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან მეგობრებთან ერთად მოდიოდა. მოულოდნელად, დაახლოებით რვა კაცი მათ გარს შემოეხვია და გვერდზე გასვლა მოსთხოვა. მისივე თქმით, ორი თანმხლები მეგობარი მესამე კორპუსისკენ ძალის გამოყენებით გაიყვანეს, თავად კი პატრული გამოიძახა: ”სანამ ეკიპაჟი მოვიდა, აღმოჩნდა, რომ ჩემი ორი მეგობარი სცემს, ერთ-ერთს თავი აქვს გატეხილი. თავბრუსხვევები აქვს, როგორც ჩანს ტვინის შერყევა აქვს მიღებული.” თორნიკე უსტარიშვილი ხელს ადებს ორ ადამიანს, მათ შორის თსუ-ს თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტ ბექა ახლოურსა და დათო ხეჩიკაშვილს, რომელიც ასევე თვითმმართველობის წევრია.
თორნიკე უსტარიშვილი, რომელიც ”სტუდენტური ბლოგის” ავტორია, მომხდარს facebook- ის გვერდზე გამოქვეყნებულ, თვითმმართველობის მამხილებელ ინფორმაციას უკავშირებს. თორნიკე უსტარიშვილი და ნაცემი სტუდენტები უკვე დაკითხეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. ნეტგაზეთმა გაავრცელა რექტორ ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებაც, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ ”უნივერსიტეტის მესამე კორპუსის ეზოში მოხდა ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი, რის შედეგადაც ორი სტუდენტი დაზარალდა. მათგან ერთი ძალიან ნაცემია, საჭირო გახდა სასწრაფოს გამოძახება. უნივერსიტეტის დაცვის მიერ გამოძახებული იყო, ასევე პარტული. ამჟამად, პატრულის გარდა, უნივერსიტეტში მოსულია გამომძიებელიც. იღებენ ჩვენებებს. ჩვენ, უნივერსიტეტი, როგორც შეგვიძლია, მაქსიმალურად დავეხმარებით გამოძიებას. მსგავსი ძალადობის ფაქტი უნივერსიტეტში არ უნდა ხდებოდეს. ეს უნდა აღიკვეთოს მაქსიმალური სიმკაცრით. პირადად მე ვთხოვ სამართალდამცველებს, რომ ბოლომდე გამოიძიონ ეს ფაქტი”.