საქართველო-ისრაელის ურთიერთობა

ბაქრაძე ისრაელში ჯვრის მონასტრის საკითხს წამოწევს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში გაემგზავრა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ბაქრაძე ისრაელში ქნესეთის სპიკერის, რეუვენ რივლინის მიწვევით იმყოფება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ისრაელის სახელმწიფოს ხელისუფლების სხვადასხვა პირებთან. შეხვედრების დროს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების შესახებ იმსჯელებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელში პირველად გაემგზავრა მას შედმეგ, რაც 2010 წლის ოქტომბერში ისრაელში მისი დაგეგმილი ვიზიტი გაურკვეველი ვადით გაიადო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქართველმა სამართალდამცავებმა, ქრთამის მიცემის მცდელობის ბრალდებით, ორი ისრაელელი ბიზნესმენი - რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი დააკავეს.

ებრაელი ბიზნესმენები საქართველოს პრეზიდენტმა გასულ წლის დეკემბერში შეიწყალა. მაშინვე მორიგებით დასრულდა დავა საქართველოსა და ფუქსის კუთვნილ კომპანია ტრამექსს შორის.

თებერვლის ბოლოს ისრაელში ვიზიტით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელში ვიზიტისას იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხს „უკვე ოფიციალურად დასვამს“. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

იმის შესახებ, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე სპეციალურად შექმნილი ჯგუფი მუშაობს, საქართველოს პრეზიდენტმა 25 თებერვალს განაცხადა. მაშინ მან აღნიშნა, რომ ისრაელი საკითხს გაგებიღ ეკიდება. თუმცა, ისრაელის რუსულენოვანი მედიის ცნობით, ისრაელის მთავრობაში არ ადასტურებენ, რომ ჯვრის მონასტრის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამასთან, იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილე მესამემ საინფორმაციო პორტალ "იზრუსს" განუცხადა, რომ ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შესახებ არც იერუსალიმის საპატრიარქოსთვის არის ცნობილი და ეს საკითი ისრაელში ყოფნისას არც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და არც საგარეო საქმეთა მინისტრს დაუყენებიათ.

 

კომენტარები