ტერორიზმი

თამთა ლიპარტელიანის ოჯახი მოითხოვს ბრეივიკი საერთაშორისო ტრიბუნალმა გაასამართლოს

გასული წლის ივლისში, ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე ტერაქტისას დაღუპული თამთა ლიპარტელიანის ოჯახი საქმის გამოძიებით უკმაყოფილოა და ანდერს ბრეივიკის საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ გასამართლებას მოითხოვს. გარდაცვლილის დედამ, ლეილა ასათიანმა, სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” უთხრა, რომ აღნიშნულ მოთხოვნას ოჯახი ოსლოს სასამართლოში საქმის განხილვისას დააყენებს.

თამთა ლიპარტელიანის მშობლები ტერორიზმში ბრალდებულის დასჯის ალტერნატიულ ვარიანტსაც განიხილავენ. იმ შემთხვევაში, თუ ბრეივიკის საერთაშორისო კანონების მიხედვით გასამართლება არ მოხდება, მაშინ მათი აზრით, ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს. გარდაცვლილის ოჯახს არც ნორვეგიის კანონით გათვალისწინებული სასჯელის უმაღლესი ზომა, 21წლიანი პატიმრობა აკმაყოფილებს. ბრეივიკის საქმის არსებითი განხილვა ოსლოს სასამართლოში 16 აპრილს დაიწყება, დაღუპულთა საქმეებს სასამართლო ეტაპობრივად მიყვება. თამთა ლიპარტელიანის ოჯახის ადვოკატის ცნობით, ნორვეგიაში დაღუპული ქართველი გოგონას საქმის განხილვა მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

ანდერს ბრეივიკმა ნორვეგიაში 2011 წლის 22 ივლისს ბომბი ჯერ ოსლოში, სამთავრობო შენობებთან ააფეთქა და 8 ადამიანი იმსხვერპლა. შემდეგ უტოიას საზაფხულო ბანაკში ცეცხლი გახსნა და 69 ახალგაზრდა მოკლა, მათ შორის თამთა ლიპარტელიანიც.

ანდერს ბრეივიკს ოფიციალურად აქვს ბრალი წაყენებული ტერორიზმში. ბრალდებული აღიარებს მკვლელობის ფაქტს, თუმცა უარყოფს ტერორიზმს და აცხადებს, რომ მის მიერ განხორციელებულმა აქტი ემსახურებოდა „ევროპის დაცვას მუსლიმანების თავდასხმისაგან“.

 

კომენტარები