ეგვიპტის ქალაქ გიზაში, 17 წლის გოგონა საკუთარ ოჯახში, სახლში გვიან დაბრუნების გამო მოკლეს. გარდაცვლილს, რომელსაც იმანი ერქვა, დედა ხშირად ემუქრებოდა კისრის მოტეხვით, თუკი შინ დაბრუნებას დააგვიანებდა. მომხდარის შესახებ ერთ-ერთი არაბული გამოცემა წერს და განმარტავს, რომ ერთხელაც, როდესაც კოლეჯის მოსწავლეს სახლში მისვლა დააგვიანა, დედამისმა საკუთარი ძმები იხმო შვილის დასასჯელად.
ეგვიპტეში ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „New Women Foundation“-ის გავრცელებული ცნობის თანახმად, მამაკაცებმა დასჯის მიზნით გოგონა ბინის ერთ-ერთ ოთახში გაიყვანეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და ცემა დაუწყეს. დასჯის პროცესს მათ იმანის უმცროსი დაც დაასწრეს. ბიძებმა 17 წლის ეგვიპტელი გოგონა ცემით მოკლეს და ამის შემდეგ სცადეს სასტიკი დანაშაული უბედურ შემთხვევად გაესაღებინათ. პოლიციამ კი გარდაცვლილის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღმოაჩინა. სამართალდამცავებმა იმანის პატარა და დაკითხეს, რომელმაც თქვა, რომ გოგონა დედამ და ბიძებმა მოკლეს. მამაკაცები დააკავეს. მათ დანაშაული აღიარეს, თუმცა განაცხადეს, რომ საკუთარ დას ქალიშვილის გამოსწორებაში ეხმარებოდნენ.




