გამოძიება

პროკურატურის განმარტება სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების საქმეზე

ხაშურის რაიონის პოლიციის შენობაში სოლომან ქიმერიძის სასიკვდილოდ დაშავების საქმესთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ მიზანშეწონილად მიიჩნია საზოგადოებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია თვითმხილველთა და ფაქტზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე პირთა დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. მთავარი   პროკურატურის  მიერ გავრცელებულ განმარტებას უცვლელად გთავაზობთ: 

”სოლომან ქიმერიძის ოჯახის წევრების ჩვენებების შინაარსი: სოლომან ქიმერიძე ხაშურში მომხდარ ქურდობასთან დაკავშირებით, გამოკითხვის მიზნით პოლიციის მუშაკებმა სახლიდან წაიყვანეს დაახლოებით 11:30 საათზე. ქიმერიძეს წინააღმდეგობა არ გაუწევია და აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტი არ გამოუთქვამს.

ხაშურში მომხდარი ქურდობის საქმეზე დაზარალებულის, თამაზ გამგონიძის ჩვენების შინაარსი: თამაზ გამგონიძე პოლიციის შენობაში მივიდა დაახლოებით 16:25 საათზე. გამგონიძე მისი საკუთრების მიმართ განხორციელებულ დანაშაულთან დაკავშირებით გამოკითხა ინსპექტორ გამომძიებელმა ზაზა ტაბატაძემ. გამოკითხვა გაგრძელდა დაახლოებით 25 წუთი, რის შემდგომაც მან დატოვა შენობა.

შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოს უფროსის, გიორგი ხარშილაძის ჩვენების შინაარსი: გიორგი ხარშილაძე სამუშაო კაბინეტში, ხაშურში მომხდარ ქურდობასთან დაკავშირებით გაესაუბრა სოლომან ქიმერიძეს. შეხვედრა გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთი, რის შემდგომაც ქიმერიძემ დატოვა კაბინეტი.

სოლომან ქიმერიძის თანმხლები ინსპექტორ გამომძიებელ მალხაზ ციყელაშვილის ჩვენების შინაარსი:

მალხაზ ციყელაშვილი და სოლომან ქიმერიძე იმყოფებოდნენ შენობის მე-3 სართულზე შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოს უფროსის, გიორგი ხარშილაძის კაბინეტში, რის შემდგომაც წამოვიდნენ მე-2 სართულისკენ, ჩასასვლელ კიბესთან მალხაზ ციყელაშვილი დაწინაურდა რამდენიმე საფეხურით და გააგრძელეს კიბეზე ჩასვლა. ციყელაშვილმა გაიგონა მოაჯირის ხმა, რა დროსაც შემობრუნდა და დაინახა, რომ სოლომან ქიმერიძე ვარდებოდა მოაჯირიდან ძირს, სცადა ხელის წავლება, მაგრამ ვერ მოასწრო, ქიმერიძე დაეცა პირველი სართულის იატაკზე დაახლოებით 17:30 საათზე.

პოლიციის განყოფილებაში მყოფი პოლიციის მუშაკების ჩვენებების შინაარსი (დაკითხულთა გვარების ჩამონათვალი): სოლომან ქიმერიძე პოლიციის შენობაში იმყოფებოდა დაახლოებით 12:00 საათიდან. მის მიმართ რაიმე ძალადობრივ ან ფიზიკური ზემოქმედების ფაქტებს ადგილი არ ქონია. სოლომან ქიმერიძის კიბის უჯრედიდან გადმოვარდნისთანავე გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა ხაშურის საავადმყოფოში.

ქიმერიძის ხაშურის საავადმყოფოში მიყვანისას ადგილზე მყოფი ექიმ-რეანიმატოლოგის, ზვიად ლომიძის და მორიგე ექიმის, პოღოს ავაქიანის ჩვენებების შინაარსი: სოლომან ქიმერიძემ საავადმყოფოში მოყვანის შემდეგ ექიმების შეკითხვაზე თუ როგორ მიიღო ტრავმები უპასუხა, რომ ჩამოვარდა. იმავე დღეს 23 საათსა და 40 წუთზე სოლომან ქიმერიძე გარდაიცვალა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შინაარსი:

გარდაცვლილს სხეულზე არ აღენიშნება ცემა-წამების კვალი, ხოლო გარდაცვალება გამოიწვია სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად მიღებულმა ტრავმებმა.”

 

კომენტარები