მთავრობის სოციალური ბიუჯეტის გაზრდის მომხრეებს არგუმენტად ხშირად მოჰყავთ ფაქტი, რომ ქვეყანაში საარსებო მინიმუმი შემოსავლებზე უფრო მაღალია. ბოლო წლების ანალიზი აჩვენებს, რომ ეს ტენდენცია იცვლება.
ცხრილიდანაც კარგად ჩანს, რომ 2008-2010 წლებში, ერთ სულ მოსახლეზე, როგორც შემოსავლები, ასევე ხარჯი საგრძნობლად აღემატება საარსებო მინიმუმით გათვალისწინებულ თანხას. ამასთან, 2009 წლიდან ერთ სულზე შემოსავალი ხარჯებს აჭარბებს.
2001-2010 წლებში, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი თითქმის 200%-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალი წილი – 40% – დაქირავებული შრომიდან და თვითდასაქმებიდან მიღებულ შემოსავლებს აქვს. აქედან მიღებული შემოსავლები 2001-2010 წლებში 300%-ით გაიზარდა.
მოქალაქის საერთო შემოსავლებში შემდეგი ყველაზე მაღალი წილი – 25% – სახელმწიფოსგან მიღებულ სხვადასხვა დახმარებებს, ფულად გზავნილებსა თუ ჩუქებით მიღებული ფულის წილს უჭირავს. ეს მაჩვენებელი 2001-2010 წლებში 600%-ით გაიზარდა.
მოქალაქის საერთო შემოსავლის 10%-ს აღემატება სესხების ან დანაზოგების გამოყენების წილი. ეს უკანასკნელი ამ პერიოდში ყველაზე მეტად – 700%-ით გაიზარდა.
-2010 წლებში ხარჯებმა 100%-ით მოიმატა. აქედან დაახლოებით 60%-ით გაიზარდა სურსათის, სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის მოხმარებაზე გაწეული ხარჯი, 200%-ზე ოდნავ მეტად – სათბობსა და ელექტროენერგიაზე გაწეული დანახარჯი, თითქმის 300%-ით – ტრანსპორტზე გაწეული და ჯანმრთელობის დაცვაზე მიმართული ხარჯები, 100%-ზე მეტად – განათლებაზე, კულტურასა და დასვენებაზე გაწეული ხარჯი, დაახლოებით 100%-ით კი – დანაზოგების მაჩვენებელი.
2001-2010 წლებში შემოსავლის ზრდა 100%-ით უსწრებდა ხარჯების ზრდას. ეს მიუთითებს ინფლაციურ გადასახადზე: მოსახლეობა მსგავს პროდუქციასა და მომსახურებაში წლიდან წლამდე გაზრდილ თანხას იხდის. ეს ფაქტი თავისთავად ქმნის განცდას, რომ საარსებო მინიმუმი უფრო მაღალია, ვიდრე ინდივიდის შემოსავალი.