პრეზიდენტი

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პირობა დაასახელა

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პირობა დაასახელა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღდგება ავტომატურად, როცა მოსკოვი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენულ საზღვრებს.

 რუსეთის საგარო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრ ლუკაშევიჩის მიერ გახმოვანებულ წინადადებას, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები მიხეილ სააკაშვილი ქართული ზალპური საარტილერიო სისტემის პრეზენტაციაზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 2008 წელს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა ავტომატურად. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოს მხარის ინიციატივა არ ყოფილა, ეს განაპირობა რუსეთის ქმედებამ და ურთიერთობების აღდგენაც მის ხელშია.

„ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ დიალოგი რუსეთთან ურთიერთობების სრულმასშტაბიან დარეგულირებაზე ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, რომელიც დაეფუძნება დეოკუპაციას, ქვეყნის სუვერენიტეტსა და დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქის დაბრუნებას საკუთარ სახლებში,“- განაცხადა სააკაშვილმა.

რუსეთის საგარეო უწყების წინადადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც და საკუთარ განცხადებაში აღნიშნა:"რუსეთმა გამოიყენა პოლიტიკური შოუს ელემენტები, როდესაც გააკეთა შემოთავაზება საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. ცხადია, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე განთავსებული იქნება რუსეთის ფედერაციის მხოლოდ ერთი საელჩო და არა სამი, როგორც ეს დღევანდელი მდგომარეობითაა."

 

კომენტარები