ტურიზმის ეროვნული სააგენტო

თბილისში ტურიზმის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი გაიხსნა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაზე  ფუნქციონირება დაიწყო ტურიზმის საერთაშორისო სასწავლო ცენტრმა (ITLC). ამ ცენტრში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ამერიკული და ბრიტანული სასერთიფიკატო პროგრამები ტურიზმის და სასტუმროს მენეჯმენტის სფეროში.

ცენტრი დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ გახსნეს. ვერა ქობალიას განცხადებით , ახალ სასწავლო ცენტრში შესაბამისი პროგრამის გავლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შანსი დასაქმდნენ ტურიზმის სფეროში, “ITLC არის ამერიკული პროგრამა, რომლის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს საშუალება ექნებათ გააგრძელონ სწავლა საზღვარგარეთ, როგორც ევროპის ტურიზმის კოლეჯებში, ისე ამერიკულში” - აღნიშნა მან. მანამდე მაია სიდამონიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ რატომ ჩაითვალა მიზანშეწონილად ტურიზმის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის გახსნა.  ”საქართველოში დიდი საერთაშორისო ბრენდები შემოდიან, ამიტომაც მათ უნდა დავახვედროთ კვალიფიციური კადრები არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ჯერჯერობით ეს სასწავლებელი მხოლოდ თბილისში იქნება. ”- განმარტა სიდამონიძემ და დასძინა, რომ სამომავლოდ მსგავსი ცენტრები რეგიონებშიც გაიხსნება.

სასწავლო ცენტრი თანამშრომლობს ამერიკულ ინსტიტუტთან (American Hotel and Lodging Educational Institute (AHLEI)) და ბრიტანეთის ტურიზმისა და სასტუმროს მართვის კონფედერაციასთან (CTH). კანდიდატების შერჩევა მოხდება წერილობითი ტესტირებისა და ზეპირი გასაუბრების საფუძველზე, მსურველის ინგლისური ენის ცოდნის, ზოგადი და პროფესიული უნარ-ჩვევების და გამოცდილების მიხედვით.

მიღება იწარმოებს კონკურსის საფუძველზე, სასწავლო ცენტრში მისაღებად მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: იყოს 18 წლის ან მეტის, ჰქონდეს საშუალო განათლება. სწავლება წარიმართება  ინგლისურ ენაზე, დღის და საღამოს ცვლებში, ღია კარის დღე დაიწყება 5 მარტიდან. 

 

კომენტარები