გუშინ, 27 თებერვალს, ევროკავშირის საბჭომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შესახებ დასკვნა შეიმუშავა. დოკუმენტში თითოეულ ქვეყნასთან მიმართებაში აღნიშნულია სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული პროგრესი და საუბარია რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე.
ევროკავშირის საბჭო ხაზს უსავამს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ 2011 წლის სექტემბერში, ვარშავაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიღებული დეკლარაციის შესრულება მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება საქართველოს, დოკუმენტის თანახმად ევროკავშირი მიესალმება ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკებების კუთხით მიღწეულ პროგრესს და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ დაწყებულ მოლაპარაკებებს. ხაზგასმულია, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები ვაჭრობის სფეროსთან მიმართებაში. ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების გადაადგილებას და გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის, უვიზო მომოსვლაზე გადასასვლელად ორეტაპიანი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.
დასკვნის მიხედვით, ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, ევროპულ არჩევანს და ითვალისწინებს მის მუშაობას მდგრადი დემოკრატიის შესაქმნელად. ევროკავშირის მიესალმება საქართველოს ძალისხმევას მოდერნიზაციისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია არჩევნებზე და ნათქვამია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საერთაშორისო აღიარებულ დემოკრატიული სტანდარტებთან თანხვედრა „უაღრესად მნიშვნელოვანია“ და ამ პროცესს ევროკავშირის მონიტორინგს გაუწევს.
ევროკავშირი ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის საჭიროებას, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ჭეშმარიტად პოლიტიკური პლურალიზმის და შეკრების თავისუფლების დაშვებას, მედიასთან თავისუფალი და თანასწორუფლებიანი წვდომის უზრუნველყოფას ისევე, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებას.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შესახებ ევროკავშირის საბჭის დასკვნა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგების მნიშვნელობაზე და აცხადებს, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში რუსი სამხედროების ყოფნასთან დაკავშირებით.
და ბოლოს, ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და აღნიშნავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და „ამ მხრივ აუცილებელია რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღება“.
ევროკავშირი მზადაა მონაწილეობა მიიღოს საქართველოში კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში და მიესალმება საქართველოს ნაბიჯებს სეპარატისტული რეგიონების მიმართ შემუშავებული სტრატეგიის რეალიზაციის მიზნით.
ევროკავშირი მზადაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში.




