პრეზიდენტი

დღეს სააკაშვილი პარლამენტს მიმართავს

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარსდგება. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის პავლე კუბლაშვილი თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა შეეხება როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს, პირველ რიგში იმ საკითხებს, რომლებიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს: ჯანდაცვის, სოციალურ, ეკონომიკურ, ფინანსურ საკითხებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი პარლამენტის ტრიბუნიდან ახალ ინიციატივებს წამოაყენებს."როგორც წესი პრეზიდენტი ყოველთვის იყენებს საპარლამენტო გამოსვლას და ამ ტრიბუნას სამომავლო გეგმების გასახმოვანებლად. ამიტომაც ალბათ ერთის მხრივ უნდა ველოდოთ მის შეფასებებს ქვეყანაში დღეს მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში და მეორეს მხრივ ახალ ინიციატივებს, რომელიც შემდგომში გახდება მთავრობის და ხელისუფლების პრაქტიკული სამოქმედო გეგმა". - აღნიშნა ბაქრაძემ.

მიმართვა, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წარსდგება მოიცავს პრაქტიკულად ყველა სფეროს, როემლიც ქართულ საზოგადოებას აინტერესებს, -ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე  პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება უსაფრთხოება, მიხეილ სააკაშვილი  ასევე ისაუბრებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თემაზეც. "2012 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და არჩევნების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფა პრეზიდენტის მოხსენების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება", - აღნიშნა მანჯგალაძემ. 

პრეზიდენტის  გამოსვლა პარლამენტში 20 საათზე დაიწყება,  შემდეგ კი  გაიმართება პოლიტიკური დებატები.

 

 

კომენტარები