ოკუპაციის კვირეული

სააკაშვილი: არ არსებობს კომპრომისი თავისუფლების ხარჯზე

 მიხეილ სააკაშვილის აზრით საქართველო, როგორც სუვერენული , დემოკრატიული სახელმწიფო, შესაძლოა საუკუნეების განმავლობაში, არასდროს ყოფილა ასე მიახლოებული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზანთან. ‘შეიძლება ეს სიტყვები უცნაურად მოგეჩვენოთ, რადგან ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი უზარმაზარი მტრული არმიის მიერ არის ოკუპირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიმეორებ, რომ ქართველი ერი არასდროს ყოფილა ასე ახლოს ჩვენი შვილების, მათი შვილებისა და შვილიშვილების უსაფრთხო მომავლის გარანტიებთან.“- თქვა მან 25 თებერვალს, საქართველოს ოკუპაციის დღეს, გორში,  დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული  თავდაცვის აკადემიის მსმენელებისა და სამხედრო მოსამსახურეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. პრეზიდენტმა ახსნა რა უქმნის საფუძველს მის ოპტიმიზმს და თქვა, რომ ესაა ის, რაც აკლდათ და რასაც სასოწარკვეთილები ეძებდნენ ჩვენი წინაპრები, „იმ ერთა ძლიერი ოჯახი, რომელიც მზადაა საქართველოს მიესალმოს და მის სახელმწიფოებრიობას, თავისუფლებას და არსებობას დაუჭიროს მხარი. ამ ოჯახს დღეს ნატო და ევროკავში ჰქვია.“

„ჩვენ უნდა ვიყოთ უსაფრთხო არა ბატონების, არამედ მეგობრების გარემოცვაში , დაფიქრდით, დაგვაძალა როდესმე აშშ-მა, ევროკავშირმა ან საფრანგეთმა რამე? ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გვაიძულა რამე?- არაფერი. შესაძლოა, ეს ქვეყნები ჩვენთან შედარებით 100-ჯერ უფრო ძლიერები არიან, მაგრამ გვიყურებენ, როგორც პარტნიორებს და არა ვასალებს.ერთადერთი, რისაც შეიძლება გვეშინოდეს, მათი ინდიფერენტულობაა.ამიტომ არის, რომ მუდმივად უნდა ვახსენებდეთ ჩვენ პრობლემებს. რა უნდა ჩვენ დამპყრობელს? რომ ჩვენ ევროპას და ამერიკას არ ვახსენებდეთ ოკუპაციაზე და მაშინ ვიქნებით უფრო ადვილად დასამარცხებელი. ამის საპირისპიროდ, დღეს მათგან მხარდაჭერა და მეგობრობა მივიღეთ.მადლობა ჩვენს მეგობრებს, "- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ეროვნული  აკადემიის მსმენელბისა და სამხედრო მოსამსახურეებისადმი მიმართვაში  სააკაშვილმა  გაიხსენა ის ურთულესი გზა, რაც ბოლო წლებში საქართველომ თავისუფლების შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის ბრძოლაში გაიარა და  თქვა: „არ არსებობს გარიგება შენი ქვეყნის დამპყრობელთან! ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა კარგი ურთიერთობა გვქონდეს ჩვენს მეზობლებთან, მაგრამ ჩვენ გვინდა გახსნილი ქვეყანა. არ არსებობს კომპრომისი ჩვენი თავისუფლებისა და მომავლის ხარჯზე.“

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინის მომხრეობა საქართველოში „არც კარგია, არც მორალური, არც პოპულარული, მაგრამ ლეგალურია. ნებადართულია", რომ  საქართველოში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კარგი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთის დღევანდელ ლიდერებთან და ფიქრობდეს კიდეც, რომ ეს ნატოსა და ევროკავშირის წვერობაზე მნიშვნელოვანია , მაგრამ პრეზიდენტის სიტყვებით, ვისთვისაც მისაღებია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პუტინისეული ხედვა ამის შესახებ ღიად უნდა ილაპარაკოს. მისი აზრით,  დისკუსია, რომელიც საქართველოს სამომავლო გეგმებს უკავშირდება იმდენად მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსების ვალია ის გამჭირვალე იყოს ხალხისათვის.

საქართველოს პრეზიდენტი შეეხო არჩევნების თემას და თქვა, რომ ის იქნება გარანტი იმისა, რომ საარჩევნო პროცესმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაიაროს.

 

კომენტარები