კვლევითმა ორგანიზაცია ACT-მ საქართველოს ბიზნესგარემო შეისწავლა. კვლევის მიზანი კომპანიების მდგომარეობისა და ბიზნესგარემოს ზოგადი შეფასება, პრობლემების გამოყოფა და მათი პრიორიტეტულობის განსაზღვრა იყო. კვლევა, ასევე, უკეთესი ბიზნესგარემოს ფორმირებისთვის აუცილებელი ქმედებების შემუშავებასა და იდენტიფიცირებას ითვალისწინებდა. გამოიკითხა 1200 ბიზნესმენი. მათგან უმეტესობა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელია. კვლევის მიხედვით, ბიზნესმენთა მხოლოდ 0.2%-ს ჰქონია კორუფციული გამოცდილება; 54% თავს დაუცველად ან მეტ-ნაკლებად დაუცველად გრძნობს; კომპანიების 76% გაფართოვდა ან იმავე დონეზე დარჩა; კომპანიების 51.2% 2012 წელს საქმიანობის გაფართოებას გეგმავს. კვლევის შედეგებზე და უფრო დიდ სურათზე ტაბულას საქართველოს პირველი ბიზნესომბუდსმენი, გიორგი პერტაია ესაუბრება.
ACT-ის კვლევის მიხედვით, 2011 წელს კომპანიების 76% გაფართოვდა ან იმავე დონეზე დარჩა. როგორ ახსნით ამ ტენდენციას?
როცა მთავრობა ამბობს, მშპ დაახლოებით 6.5-7%-ის ფარგლებში გაიზარდაო, ეს მხოლოდ ციფრი არ არის. ეკონომიკური ზრდა ბიზნესზეც აისახა. ეკონომიკა თუ იზრდება, შესაბამისად, შემოსავლებიც უნდა იმატებდეს. თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ შემოსავლები ყველა ბიზნესისთვის თანაბრად არ იზრდება. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული – მაგალითად, მენეჯმენტის სტილი ან კონკურენცია.
ერთ-ერთი ფაქტორი კორუფციის დონეც შეიძლება იყოს. კვლევის მიხედვით, 0.2%-ს ჰქონია კორუფციასთან შეხება, 2%-ს კი ასეთი გარიგებების შესახებ სმენია. რას ნიშნავს ეს ციფრები?
ეს ორი კითხვა ძალიან საინტერესოდ არის დასმული. ეს კითხვები ზომავს აღქმას. ერთია, რომ რეალურად რაღაც ნაწილს ჰქონია შეხება კორუფციულ გარიგებასთან და მეორეა, რამდენს სმენია ამის შესახებ. ამ ორ ციფრს შორის დიდი სხვაობა, პრობლემაა. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი პესიმისტურად არის განწყობილი და სიტუაციის გაუარესებას ელოდება. შარშან, კორუფციაზე 10% ლაპარაკობდა, წელს – 2%. კორუფციის მაღალი აღქმა ბიზნესგარემოს დიდ ზიანს აყენებს. ეს აღქმა 2011 წელს შემცირდა. შესაბამისად, გამოკითხული კომპანიების ნახევარზე მეტი 2012 წელს გაფართოებას გეგმავს.
თუმცა, მეორე მხრივ, ისევ კვლევის მიხედვით, იმ ბიზნესების რაოდენობა, ვინც თავს დაუცველად ან მეტ-ნაკლებად დაუცველად მიიჩნევს, უფრო მეტია, ვიდრე მათი, ვინც დაცულად თვლის. რა არის ამის მიზეზი?
აქაც საინტერესოა, როგორ იყო დასმული კითხვა. განსაზღვრული არ ყოფილა ვისგან მოდის ეს დაუცველობის შეგრძნება. იგულისხმება ზოგადად სტაბილურობა, რაც მოიცავს როგორც დაცულობას მთავრობის და საგადასახადოსგან, ისე საგარეო ფაქტორებსაც – მაგალითად, რუსეთის ფაქტორი ან იგივე ბაზრის რყევები. მეორე მხრივ, ასეთი განაწილება მიუთითებს, რომ 2011 წელს დაწყებული საგადასახადო რეფორმა და შემოსავლების სამსახურის ბიზნესისკენ შემობრუნება, ბიზნესმენთა მხრიდან ნდობის ამაღლების მხოლოდ ერთი ეტაპია. შენარჩუნდება და გაღრმავდება თუ არა ეს ნდობა, იმაზეა დამოკიდებული, საბოლოოდ როგორ გატარდება დაწყებული კურსი.
რას გულისხმობს ახალი კურსი და რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა?
კურსის მიზანია, ბიზნესმენებსა და საგადასახადო ორგანოებს შორის ნდობა აღდგეს. 2011 წელს გატარებული რეფორმებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მედიაციის სამსახურის შემოღებაა: სანამ კომპანია დაჯარიმდება, საშუალება აქვს დაელაპარაკოს საგადასახადოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და არა მარტო ინსპექტორებს. გამოდის, რომ ბიზნესმენი თვითონ არის ჩართული თავისივე აქტის დაწერის პროცესში. ეს მნიშვნელოვანია – როგორც ის არის შესაძლებელი, რომ ადამიანი გადასახადს მიზანმიმართულად მალავდეს, ასევე, შეიძლება გულწრფელად რაღაც შეეშალოს. შეცდომის გამოსწორების შანსი მას უნდა ჰქონდეს.
კოდექსში ლიბერალური მიდგომების შემოტანის მიუხედავად, 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ბიზნესის კომპონენტი გაუარესდა. Heritage Foundation-ის კვლევა ამას რეფორმების სტაგნაციით ხსნის. თქვენ როგორ ფიქრობთ?
ეს კვლევა მოძველებულ მონაცემებს ეყრდნობა. 2012 წლის ინდექსი, სინამდვილეში, 2010 წლის მონაცემებს აჯამებს. ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება 2011 წელს გატარდა. ახალი კოდექსის ამოქმედებიდან დღემდე 200-მდე ცვლილება შევიდა ძალაში.
როგორ ფიქრობთ, რამდენად სასარგებლოა ბიზნესისთვის ამდენი ცვლილება ერთი წლის განმავლობაში?
ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა. თანაც, ამ 200 ცვლილებიდან 25 არის – ცვლილება ცვლილებაში. რაც უნდა კარგად იცვლებოდეს – და მათი 90% ბიზნესისთვის სასიკეთოა – ეს მაინც არანორმალური პროცესია. ჩემი აზრით, შემოსავლების სამსახურს ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული, თითოეულ ცვლილებას რამდენი დრო და ფული სჭირდება ბიზნესმენის მხრიდან იმისთვის, რომ გაეცნოს, გააანალიზოს და შემდეგ, გამოყენება დაიწყოს. ამ დროს დაჯარიმების რისკიც იზრდება. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საგადასახადო კოდექსში წელიწადში ორჯერ შევიდეს ცვლილებები. ასე თვითონ ცვლილებაც შეჯერებული იქნება და ბიზნესიც უფრო სტაბილურად გაიზრდება.
ერთ-ერთი ბოლო ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა, დღგ-ს ალტერნატივა – ფიქსირებული გადასახადია. ხომ არ გეჩვენებათ, რომ მცირე და მიკრობიზნესის ადმინისტრირებას ეს კიდევ უფრო გაართულებს?
აბსოლუტურად ვეთანხმები იმას, რომ ფიქსირებული გადასახადი უნდა იყოს. მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ყოველდღიურად ვხვდები. მათ არ აინტერესებთ დღგ-ს იხდიან, საშემოსავლოს თუ რა ტიპის გადასახადს. არ აინტერესებთ დაბეგვრის წესი, კოდექსები, კანონმდებლობა, პოლიტიკა – ეს არაფერს ნიშნავს. აინტერესებთ: რა გადაიხადონ? სად? და რამდენი? თუ ახალი ფიქსირებული გადასახადი ამ სამ კითხვაზე გასცემს პასუხს, მაშინ ეს ინიციატივა წარმატებული იქნება. მეორე მხრივ, დღეს საგადასახადო კოდექსში მცირე ბიზნესისთვის არის 3 რეჟიმი – მიკრო და მცირე ბიზნესი, და მესამე – ფიქსირებული გადასახადი. ეს, თავის მხრივ, ორნაირად ბეგრავს გადამხდელს – 1-დან 2000 ლარამდე და ბრუნვის 3%-ით.
ამ სქემებს არ აჯობებდა, რომ გადასახადები ყველასთვის შემცირებულიყო, როგორც ამას მთავრობა აანონსებდა?
გადასახადების შემცირების გეგმა კოდექსში იყო ჩადებული. წლების მიხედვით გაიწერა, როდის და როგორ უნდა შემცირებულიყო. ამ გეგმით, საშემოსავლო გადასახადი 20%-დან 15%-მდე მცირდებოდა. მაგრამ შემდეგ ქვეყანამ სამმაგი დარტყმა მიიღო – ომი, კრიზისი და შიდა არეულობა. ამ მოვლენების წინასწარ გათვლა შეუძლებელია. შეიცვალა სიტუაცია, შეიცვალა პირობაც. ეს, რა თქმა უნდა, ცუდია. თუმცა პრინციპული მაინც სხვა საკითხია: მთავარია, ბიზნესი და მთავრობა შეთანხმდნენ თამაშის წესებზე – რა ითვლება დასაბეგრ ბაზად, რა – არა; რომელი შემოსავლები შედის ერთობლივ შემოსავლებში, რომელი – არა; რისი გამოქვითვა შეიძლება, რისი – არა. 2011 წელმა დაამტკიცა, რომ რაც უფრო დაბალია საგადასახადო წნეხი, მით მაღალია საგადასახადო შემოსავალი.
როგორ ფიქრობთ, როდის აღარ იქნება საჭირო ბიზნესომბუდსმენის პოსტი?
როცა ჩვენთან ზარები შემცირდება და მივხვდებით, რომ ბიზნესი დამოუკიდებლად ართმევს თავს საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას, პირველები ვიქნებით, ვინც მოვითხოვთ ამ ინსტიტუტის გაუქმებას.





