კინო

ქიმიური მუსიკა კინოში

თაყვანისმცემლების ჯარი, მილიონობით გაყიდული ალბომები, დოკუმენტური ფილმები მათ ცხოვრებაზე... როკი, ქანთრი, შანსონი, რეპი... მნიშვნელობა არ ჰქონდა რა ჟანრის შემსრულებლები იყვნენ, ცხოვრების სტილი თითქმის ყველა მათგანს ერთნაირი ჰქონდა. მოკლეს, თავი მოიკლა, ნარკოტიკებმა იმსხვერპლა - ასეთ ინფორმაციას უხვად მოისმენთ მათზე, მაგრამ მათ მსოფლიოს დაუტოვეს სიმღერები, რომლებიც დაუვიწყარია და დღემდე საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

მუსიკოსთა ცხოვრებაზე თუ მათ კარიერაზე გადაღებულ ფილმებს, თებერვლის დასაწყისში კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი შეემატა - ადამ სმიტსის  „Don’t Think“. ფილმი, რომელიც ცნობილი ბრიტანული ჯგუფის  The Chemical Brothers  შესახებაა.  თუმცა სანამ მისი ნახვა, ქართველ მაყურებელსაც შეეძლება, მოდით მანამდე კიდევ ერთხელ გადავხედოთ იმ ფილმებს, რომლებიც ცნობილი ჯგუფების და მათი შემსრულებლების საინტერესო ცხოვრებას შეეხება.

The Doors

ბიოგრაფიული ფილმი ამერიკული როკ-ბენდის შესახებ, ოლივერ სტოუნის რეჟისორობით 1991 წელს გამოვიდა.
ბენდის სოლისტის, ჯიმ მორისონის როლს ფილმში ველ კილმერი ასრულებს. კილმერმა შეძლო მოერგო ლეგენდარული მორისონის როლი და ფილმში, რომელიც 140 წუთი გრძელდება, საზოგადოების ერთ ნაწილს გაახსენა როგორ ჩამოყალიბდა, ხოლო მეორე ნაწილს გააცნო The Doors.
ჯიმ მორისონი ხშირად იხსენებდა შემთხევას, როდესაც 4 წლისამ უდაბნოში საკუთარი თვალით ნახა ინდოელი კაცის სიკვდილი და ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ეს შემთხვევა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. სწორედ ამ კადრით იწყება ფილმი, ჯიმის პირველი მოგონებით.
1964 წელს, მორისონი ლოს-ანჯელესში UCLA-ს ფილმის სკოლაში მიიღეს, სადაც მან The Doors-ის მომავალი წევრი, რეი მანზარეკი გაიცნო, მათ მალე შეუერთდნენ ჯგუფის დანარჩენი წევრები: ჯონ დენსმორი და რობი კრიგერი, 6 თვეში ბენდი პირველად წარსდგა აუდიტორიის წინაშე პატარა კლუბში.
უდიდესი კარიერული წარმატება, ალკოჰოლი, ნარკოტიკები და სექსი, ჯიმ მორისონის ერთადერთი სიყვარული და ცხოვრების თანამგზავრი პამელა ქარსონი, თაყვანისმცემლების უსაზღვრო არმია და ბოლოს 27 წლის მორისონის მოულოდნელი სიკვდილი.
ფილმში მთავარ როლებს ველ კილმერი, მეგ რაიანი, კაილ მაკლაჰანი, ფრენკ რეილი და კევინ დილანი ასრულებენ.

Across the Universe

მიუზიკლი, რომანტიკული დრამა, ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის The Beatles-ის ცნობილი სიმღერებით.
მიუზიკლის რეჟისორი ჯული ტეიმორია, რომელმაც 130 წუთიან ფილმში თავი ბენდის 34 სახელგანთქმულ სიმღერას მოუყარა.
ფილმში მოვლენები 60-იან წლებში ვითარდება, იმ დროს, როდესაც ახალგაზრდები ამერიკაში სიტყვის თავისუფლებისათვის იბრძოდნენ, აპროტესტებდნენ ვიეტნამის ომს და ქუჩებში ომის საწინააღმდეგო აქციებს მართავდნენ.
ფილმის მთავარი გმირი, ჯუდი ლივერპულში ცხოვრობს და ამერიკაში მამის მოსაძებნად მიემგზავრება, სწორედ ამერიკაში შეხვდება ის ლუსის.
Across The Universe 2008 წელს წარდგენილი იყო ოქროს გლობუსზე, გრემიზე და ასევე ოსკარზე.
მთავარ როლებს  ევან რეიჩელ ვუდსი, ჯიმ სტარჯესი და ჯო ანდერსონი ასრულებენ. ეპიზოდურ როლებში ჯო კოკერი, ბონო, ედი იზარდი და სელმა ჰაიეკი შეგიძლიათ იხილოთ.

Pink Floyd The Wall

ფილმი რეჟისორმა ალან პარკერმა 1982 წელს გადაიღო, ის მუსიკალური ბენდის ამავე სახელწოდების ალბომს The Wall ეფუძნება.
Pink Floyd The Wall-ის სცენარის ავტორი ჯგუფის ვოკალისტი და ბასისტი, როჯერ უოტერსია.
ფილმის მთავარი გმირი დეპრესიული როკ-ვარსკვლავი პინკია, სიუჟეტიც სწორედ მის გარშემო ვითარდება.
The Wall-ში დიალოგები მწირია, ის სავსეა მეტაფორებით, მდიდარია მუსიკალურად და ვიზუალურად.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმს აქვს სიუჟეტი, ის უფრო მეტად განიხილება როგორც მუსიკალური ვიდეო და არა მოქმედებითი ფილმი.
1983 წელს Pink Floyd The Wall-მა BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე მოიპოვა გამარჯვება.

Walk the Line

ბიოგრაფიული დრამა, ლეგენდარული ჯონი ქეშის შესახებ 2005 წელს გადაიღეს. რეჟისორმა ჯეიმს მანგოლდმა მთავარ როლებში

ხოაკინ ფინიქსი და რიზ ვიზერპსუნი გადაიღო, რომელთაც შესანიშნავად მოირგეს ჯონი კეშის და ჯუნ კარტერის როლები. შედეგად კი რიზ ვიზერსპუნს, ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ოსკარი გადაეცა, ფილმი კი კინოაკადემიის ხუთ ნომინაციაზე წარადგინა.
ჯონი ქეშის როლის შემსრულებელმა, ხოაკინ ფინიქსმა შესრულებული როლისთვის გრემი მოიპოვა.
Walk the Line სრულად ასახავს ქეშის ცხოვრებას, ფილმი მაყურებელს მოუთხრობს მე 20-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი მუსიკოსის ცხოვრების ყველა დეტალზე, მის ბავშვობაზე, ახალგაზრდობის წლებზე, სიყვარულზე, იმედგაცრუებებზე, უდიდეს წარმატებაზე, დამოკიდებულებაზე ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების მიმართ.
აღსანიშნავია, რომ ხოაკინ ფინიქსმა სწორედ Walk the Line-ისთვის ისწავლა გიტარაზე დაკვრა და ფილმში სიმღერებს სწორედ მსახიობი ასრულებს.

La vie en rose

ფილმი ედიტ ჯოვანა გასონის, იგივე ედიტ პიაფის შესახებაა.
ფრანგულენოვანი ბიოგრაფიული ფილმი, 2007 წელს სეზარის ჯილდოს ნომინანტმა, ოლივიე დანმა გადაიღო.
La vie en rose-ის ქრონომეტრაჟი 140 წუთია და მასში ფრანგი მომღერლის ცხოვრება სრულად არის ასახული.
ბავშვობის წლებში საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობდა, როდესაც ედიტი წამოიზარდა, თავს ქუჩაში სიმღერით ირჩენდა, ვიდრე ერთ დღეს ღამის კლუბის მფლობელმა, ლუის ლეპლემ, ფილმში ჟერარდ დეპარდიემ არ შეამჩნია და კლუბ Le Gerny-ში მიიწვია.
სწორედ ლუის ლეპლემ შეურჩია ედიტს სასცენო სახელი La Môme Piaf.
წარმატებულ კარიერულ ცხოვრების მიუხედავად, პიაფს პირადი ცხოვრება მუდამ არეული ჰქონდა, პირველი ქმარი, ბოქსიორი მარსელ კარდანი ავიაკატასტროფაში დაეღუპა, ამის შემდეგ მან კიდევ ორჯერ იქორწინა.
ედიტ პიაფი ღვიძლის სიმსივნით, 47 წლის გარდაიცვალა.
ოლივიე დანის ფილმმა La vie en rose მსახიობ მარიონ კოტიარს, რომელიც მთავარ როლს ასრულებს, 2008 წელს საუკეთესო ქალი მსახიობის წოდება მოუტანა და ოსკარი გადაეცა. ფილმმა ასევე მოიპოვა ოსკარი საუკეთესო გრიმისთვის.
ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოსკარი გადაეცა მსახიობს ფრანგულენოვანი როლისთვის.
მარიონ კოტიარი პირველი ფრანგი მსახიობია, რომელმაც მიიღო BAFTA და
ოქროს გლობუსი.
La vie en rose გახდა მფლობელი ხუთი ცეზარის ჯილდოსი, კოტიარი კვლავ საუკეთესო მსახიობად დაასახელეს.
La vie en rose პირველი ფრანგული ფილმია, რომელსაც ორი ოსკარი გადაეცა.

Notorious
ისტორია კრისტოფერ ვოლენსის, იგივე B.I.G-ის ცხოვრების შესახებ.
ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული რეპერი 1997 წელს, 24 წლის ასაკში მოკლეს.
ბიოგრაფიული ფილმი ბოლოდან იწყება, ერთი გასროლით, რომელმაც რეპერი იმსხვერპლა.
სკოლის წლებში კრისტოფერმა გადაწყვიტა საკუთარი ფული ნარკოტიკების გაყიდვით ეშოვნა, 17 წლისას „ბიზნესი“ აწყობილი ჰქონდა, სწორედ მაშინ დააპატიმრეს ის პირველად.
ციხიდან 19 წლის გამოვიდა, მას გარეთ მეგობარი გოგო და შვილი დახვდა. B.I.G-იმ გადაწყვიტა ცხოვრება შეეცვალა და ხმის ჩამწერ სტუდიას მიაკითხა, სახელი რეპერმა მალე გაითქვა და პირველმა ალბომმა „Ready to Die” საზოგადობის მოწონება და აღიარება დაიმსახურა.
ინცინდენტმა, რომელიც რეპერ 2 pac-თან შეემთხვა, B.I.G-ის ცხოვრება შეცვალა, პრობლემები აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროს შორის დრო და დრო უფრო გართულდა, რის გამოც ნიუ-იორკიდან კრისტოფერი კალიფორნიაში გადავიდა, რათა კარიერა გაეგრძელებინა, სადაც ის 1997 წლის 8 მარტს მოკლეს.
B.I.G-ის მეორე ალბომი „Life after Death” რეპერის სიკვდილის შემდეგ გამოვიდა და მსოფლიო მასშტაბით 10 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.
ფილმის რეჟისორი ჯორჯ ტილმან ჯუნიორია, მთავარ როლს კი ჯამალ ვულარდი ასრულებს.

კომენტარები