ველოსპორტი

კონტადორი ორი წლით მოკვეთეს

ესპანელი ველომრბოლი ალბერტო კონტადორი ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. მას 2012 წლის 6 აგვისტომდე აეკრძალა რბოლებში მონაწილეობა, ეს კი ნიშნავს, რომ ესპანელი წლევანდელ ტურ დე ფრანსს და ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს. ამას გარდა, 29 წლის კონტადორს 2010 წელს მოგებული ტურ დე ფრანსის ჩემპიონის ტიტულიც ჩამოერთვა.

ყველაზე პრესტიჟული ველორბოლის 2007, 2009 და 2010 წლების გამარჯვებული დოპინგ-კონტროლზე 2010 წლის ტურის შემდეგ ჩავარდა. მოგვიანებით მან დაასაბუთა, რომ სისხლში აკრძალული ნივთიერება კლენბუტეროლი უხარისხო ხორცის მიღების შედეგად მოხვდა, რის გამოც ესპანეთის ველოსპორტის ფედერაციამ მას ერთწლიანი დისკვალიფიკაცია ერთ თვეში მოუხსნა.

პირენეელთა გადაწყვეტილება ველორბოლის საერთაშორისო კავშირმა შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, უმაღლეს საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა, საქმის განხილვის შემდეგ კი კონტადორს დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ორწლიანი სასჯელის ათვლა მის ორგანიზმში კლენბუტეროლის აღმოჩენის დღიდან გადაწყდა.

უმაღლესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ტურ დე ფრანსის 2010 წლის გამარჯვებულად ლუქსემბურგელი ენდი შლეკი გამოცხადდა, რუსი ველომრბოლი დენის მენშოვი მეორე ადგილზე აღზევდა, ბრიტანელი ბრედლი უიგინსი კი მესამეზე.

 

კომენტარები