სირიის კრიზისი

სააკაშვილმა გააკრიტიკა რუსეთის პოზიცია სირიასთან მიმართებით

საქართველოს პრეზიდენტმა მიუნხენში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას , სირიის საკითხთან მიმართებით რუსეთის პოზიცია გააკრიტიკა.

რამდენიმე დღის წინ, გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის საკითხზე რეზოლუციის პროექტის კენჭისყრისას , რუსეთმა და ჩინეთმა ვეტოს უფლებით ისარგებლეს.

”რევოლუციას ახდენს ხალხი, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების პასუხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია, დემოკრატიული მოძრაობების მხარდაჭერა და, ამავდროულად, ხელისშეშლა მათთვის, ვინც ამ მოძრაობების შეჩერებას ცდილობს.”- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა : ”რუსეთი, ახლო აღმოსავლეთში თავისუფლების მოძრაობებს აღშფოთებით პასუხობს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა არ მიიღონ ამბოხებულებმა. სრულიად არ გამკვირვებია, რომ გაეროში ხმა არ მისცეს რეზოლუციას. ძალიან ლოგიკურია ის, რაც მოხდა, რადგან პირადად მაქვს მოსმენილი მათი განცხადებები ლიბიაზე, ტუნისსა და ეგვიპტეზე. ”

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პაროდია უწოდა გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის და ჩინეთის მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენებას . ეს კი მოხდა არაბული ქვეყნების ლიგის მხარდაჭერილი პროექტის ჩასაგდებად, რომელიც ბაშარ ასადს გადადგომისკენ მოუწოდებდა .

რუსეთი და ჩინეთი მკაცრად გააკრიტიკა გაეროში აშშ-ს ელჩმაც. ” საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაიცვას სირიელი ხალხი ამ ამაზრზენი სისასტიკისგან, მაგრამ უშიშროების საბჭოს ორი წევრი კვლავაც არ ამბობს უარს გაყიდოს სირიელი ხალხი და დაიცვას მშიშარა ტირანი.” - განაცხადა მან.

რუსეთის ხელისუფლებაში კი რეზოლუციის პროექტის ჩავარდნის გამო პასუხისმგებლობას პროექტის ავტორებს აკისრებენ იმის მომიზეზებით, რომ მათ არ გაითვალისწინეს რუსეთის პოზიცია და მისი წინადადებები. გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ კენჭისყრასთან დაკავშირებით , დასავლეთში რუსეთის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას სერგეი ლავროვმა მიუღებელი უწოდა .

კვირას, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დემონსტრანტებმა სირიის საელჩოებში შეჭრა სცადეს . ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ასადის ძალებმა ქალაქ  ჰომსში, იერიში მიიტანეს საცხოვრებელ უბნებზეც . 

 

კომენტარები