აშშ-საქართველოს ურთიერთობები

ჰილარი კლინტონი: საქართველო ღირებული პარტნიორია

აშშ-ში ვიზიტად მყოფი  საქართველოს პრეზიდენტი  სახელმწიფო მდივანს,  ჰილარი კლინტონს  შეხვდა. მხარეებმა პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

’საქართველო ღირებული პარტნიორია. ქართველი  ჯარისკაცები აქტიურად მონაწილეობენ ავღანეთის ოპერაციაში, სადაც დიდ სიმამაცეს და პროფესიონალიზმს იჩენენ. ჩვენ განვაგრძობთ კონსულტაციებს ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით გზების განსაზღვრის მიმართულებით. განათლების, ჯანდაცვის,  მართვის, კანონის უზენაესობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე უზარმაზარი სამუშაო სრულდება ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში. ”-  განაცხადა  აშშ-ს  სახელმწიფო მდივანმა   შეხვედრის შემდეგ.  მან ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონში საგრძნობია დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ.

თავის მხრივ პრეზიდენტმა სააკაშვილმა  ჰილარი კლინტონს მადლობა გადაუხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ძლიერი მხარდაჭერისთვის.  ”ეს მხარდაჭერა არამარტო სიტყვებით გამოიხატება, არამედ ქმედებითაც. ეს ყოველდღიური დიდი საქმეა. ეს დიდი ბრძოლაა და ზოგჯერ  ურთულეს ბრძოლას ჰგავს, რადგან მიმართულია იმ ძალის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს ძირი გამოგვითხაროს. სახელმწიფო დეპარტამენტიდანაც და ოვალური კაბინეტიდანაც, სადაც ერთად ვიმყოფებოდით, გამოვდივარ ამაღლებული განწყობით, რადგან მოვისმინე ყველაფერი , რისი გაგებაც მსურდა.”- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, საქართველო   მომწიფდა გამოწვევების საპასუხოდ, ” ვფიქრობ, ახლა გადავდივართ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე. რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე საქართველო მზად იქნებოდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად.”- თქვან  მან და დასძინა, რომ მოუთმენლად ელის სახელმწიფო მდივანს ბათუმში.  

კომენტარები