აშშ-საქართველოს ურთიერთობები

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ვებგვერდი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ვებგვერდი აამოქმედა. ვებგვერდზე განთავსებულია  ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ტექსტი, ინფორმაცია კომისიის მუშაობის შესახებ, ასევე ახალი ამბები აშშ- საქართველოს ურთიერთობების შესახებ და ოფიციალური პირების განცხადებები.

ვებგვერდზე მოცემულია ინფორმაცია კომისიის ფარგლებში ოთხი სამუშაო ჯგუფის მუშაობის  თაობაზე -  დემოკრატიის, თავდაცვისა და უსაფრთხოების,  ეკონომიკის, ვაჭრობისა ,  ენერგეტიკის და ხალხთა შორის  კულტურულ ურთიერთობათა სფეროში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფების ყოველწლიურ შეხვედრებს აშშ-ის და საქართველოს მთავრობათა მაღალჩინოსნები უძღვებიან. შეხვედრებზე განიხილება აღებული ვალდებულებები, ჩატარებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ვებგვერდის მეშვეობით  ცნობილი გახდება    საერთო მიზნის მისაღწევად   ორი ქვეყნის მთავრობების  ნაბიჯების შესახებ.

დეპარტამენტის  განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2012 წელს 20 წელი სრულდება აშშ-ისა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან.  ვაჭრობის, უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში, აშშ-მა და საქართველომ ბოლო 20 წლის მანძილზე   45-მდე ხელშეკრულებასა და შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

 აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით, 5 ათასზე მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება შეერთებულ შტატებში. ბოლო ათწლეულში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 2.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე აშშ-მა საქართველოს 3 მილიარდი დოლარის დახმარება აღმოუჩინა, მათ შორის, 1 მილიარდი დოლარი გამოუყო 2008 წლის ომის შედეგების აღმოსაფხვრელად.

ვებგვერდის მისამართია www.state.gov/p/eur/ci/gg/usgeorgiacommission/index.htm.

კომენტარები