აშშ–ის მთავრობა არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისა და დამისამართების პროექტს 1 მილიონი დოლარით დააფინანსებს. პროექტის ფარგლებში დაზუსტდება 474 ათასი ობიექტის მდებარეობა და 1,2 მილიონამდე მოქალაქის მისამართი. შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოში აშშ-ს ელჩმა, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელმა, თბილისის მერმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.
დამისამართების პროექტი ნაწილია დემოკრატიული მმართველობის პროექტის, რომელსაც აშშ-ს მთავრობა 16 მილიონი დოლარის ფარგლებში აფინანსებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭირვალობის და ეფექტურობის ხელშეწყობას მოქალაქეთა უკეთ მომსახურებისთვის, აგრეთვე კომუნიკაციის გაუმჯობესებას სამთავრობო უწყებებსა და მოქალაქეებს შორის.
ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის „რაც შეიძლება კონკურენტუნარიანი“ და „რაც შეიძლება სამართლიანი წინასარჩევნო გარემოს“ შექმნაში დაეხმაროს საქართველოს, განაცხადა აშშ–ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა მას შემდეგ რაც ხელი მოეწერა აშშ-ს მიერ დაფინანსებულ პროექტს. ჯონ ბასმა აღნიშნა , რომ პროექტი ხელს შეუწყობს იმ წუხილების და შეუსაბამობების შეგრძნების დაძლევას, რაც თბილისში ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით არსებობს.




