აშშ-საქართველოს ურთიერთობები

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მიხეილ სააკაშვილი ბარაკ ობამას უნდა შეხვდეს. 30 იანვარს თეთრ სახლში გასამართ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ცნობა მანამდე თეთრმა სახლმა გაავრცელა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით , იანვრის მიწურულს მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.  რაც შეეხება პრეზიდენტების შეხვედრას,  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტები მრავალ საკითხს, მათ შორის, ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირების გზებს განიხილავენ.

”ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის, მისი დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე წინსვლისათვის საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე.” - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იქვე აღნიშნულია, რომ   პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილი ყურადღებას გაამახვილებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ისაუბრებს მისი გაღრმავების გზებზე აშშ - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის   ქარტიით განსაზღვრული მიმართულებით ( იგულისხმება   თავდაცვა და უსაფრთხოება, დემოკრატიული რეფორმების გაძლიერება, თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში, ხალხებს შორის კავშირების გაღრმავებასა და კულტურის სფეროში თანამშრომლობა. )

 თეთრი სახლის  განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტები იმსჯელებენ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოებაზე, რომ სააკაშვილთან შეხვედრაზე  ბარაკ ობამა აღნიშნავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, მათ შორის წვლილს , რომელიც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში . თეთრი სახლის ცნობით ”პრეზიდენტი ობამა დაადასტრურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ს მკიცე მხარდაჭერას” და ის   მოელის მსჯელობას საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე და ქვეყანაში გასატარებლ რეფორმებზე.

 

 

კომენტარები