კალათბურთი

ქართული კალათბურთი პროცესში

ადრე კალათბურთში კარგი ბიჭებით ცუდ კალათბურთს ვთამაშობდით. მერე, იმავე ბიჭებით უკეთესი კალათბურთი ვითამაშეთ – ჩვენთვის ზედგამოჭრილი მწვრთნელით, იმავე პერსონაჟებით უკვე უკომპლექსო კალათბურთი ავაწყეთ და ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატზე, ყველას სერიოზულად დავუდექით. ლიტვაში საქართველოს ნაკრებმა ორი ტესტი და მისდამი რესპექტაბელურად მიმართვის უფლება მოიგო. ნაკრებში თითქმის ყველაფერი აეწყო, ვიწრო ბილიკზე მშვიდად, შფოთვის გარეშე გავიარეთ. ნაკრებში ვინც ამ ვიწრო ბილიკს უფრთხილდება, საკლუბო დონეზეც ხარისხი უჭირავს. საქართველოს ნაკრებში ძირითადად, არაქართული კლუბების ბიჭები დგანან.

მანუჩარ მარკოიშვილს დანიშნულების პუნქტიდან და შედეგიდან გამომდინარე, სრული, ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. კანტუში საშუალოდ 10 ქულის აღება რთულია, მით უმეტეს არაამერიკელისთვის. კანტუში კარგ იტალიელს ბევრ დროს აძლევენ და ცუდ ამერიკელს შეცდომების გამოსასწორებლად, მაინც შენზე, ქართველზე მეტ წუთს აჩუქებენ. ყოფილი იუგებიც თავის, მაღალ და სანდო დონეს უფრთხილდებიან. მარკოიშვილი არ არის იტალიელი და მაინც ბევრ თამაშობს. მარკოიშვილი არ არის ამერიკელი და მაინც ენდობიან. მანუ ვერ სერბობს და არ ხორვატობს. მანუ ქართველია და მანუ კანტუს ერთ-ერთი ლიდერია.

კანტუში ამ გენერაციის გრეგ პოპოვიჩი კითხულობს ლექციებს. ანდრეა ტრინკიერი სქემებში იტალიურად ერკვევა, ახალ სქემებს ხაზავს და იტალიელ მწვრთნელებში (სენიორ პიანიჯანისთან ერთად) ჩანს, მასაში არ ირევა, ერთფეროვნებაში არ იკარგება. ტრინკიერიმ მარკოიშვილს ცოტა წუთში ბევრის მოსწრება დაამუღამებინა. მარკოიშვილი სოლიდური მეორე ნომერია და თუ რამეა, ბურთს გაათამაშებს, შვიდი მეტრიდან კრის მულინივით ჩაყრის. მანუმ და კანტუმ იტალიის სუპერფინალში მონტეპასკისთან წააგეს და ევროლიგაზე რამდენიმე კარგ გუნდს შემოარტყეს. მარკოიშვილი უწყობს მაძარინოს, ბაზილეს, ყველას, ვინც ტრინკიერის სქემებში ზის. კანტუ ევროლიგის მეორე ეტაპზე შედის და ამ პიცას გემოს მანუც აძლევს. გიორგი შერმადინთან ერთად.

შერმადინმა სასროლი სელექცია გამოასწორა და მეტ წუთში ნაკლებ ფოლს იღებს. კანტუში ძირითადი პივოტი მოხუცი დენის მარკონატოა. გიორგი კალათბურთის წესებში რომ ერკვეოდა, მარკონატო მაშინ საბონისებს და დივაცებს მოსახსნელს უხსნიდა. დენისი ცოტა მოუქნელია, სისწრაფის დეფიციტის გამო ბევრს კარგავს და შერმადინისთვის მენტორია. შერმადინმა სეზონი სლოვენიაში, ოლიმპიაში დაიწყო. ლიუბლიანაში გიო პანათინაიკოსის გავლით ჩავიდა და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, იტალიის ვიზა აიღო. წელს ორჯერ ბოლო წამზე ვიღაცას ბილ უოლტონივით მიაფარა და კანტუს მოგება აჩუქა. გრანდე შერმადინიც უკვე ხშირად მოდის. იტალიელებმა ჩემბერლენი მიიღეს. მარკოიშვილმა სეზონის მეორე სერია 9.2 ქულით დახურა. შერმადინმა სეზონი (იტალიის ჩემპიონატის) 6.1 ქულით დაასრულა.

ვიქტორ სანიკიძემ კანადიან სოლარის (ვირტუსის) დაცვა ვერ დაალაგა. ვიკა ზედა იარუსებში მოხსნებს ეძებს, პოულობს, ყველაფერში ერკვევა. სანიკიძეს სოლიდური სეზონი აქვს. ჯარედ ჰოუმენმა ვარჯიშზე იბრექა და მწვრთნელი თითქმის გაგუდა. ჰოუმენი გააგდეს, სანიკიძემ ჯარედის წუთები მიიღო და ორმაგი დუბლების კოლექციონერი გახდა. კანადიან სოლარს გაუმართლა სანიკიძეში და სანიკიძეს არ გაუმართლა კანადიან სოლარში. დაულაგებელ, უსისტემო და პროვინციულ ბანდაში, ვიკა არ ჩერდება. რომ გაჩერდეს, გუნდი დადგება. კანადიან სოლარს სანიკიძის ადრენალინი უნდა. ვიკას მოდუნება გუნდის და გულის გაჩერებით მორჩება. სანიკიძე ამ სეზონში მოხსნებში (10.2) ლინტონ ჯონსონის შემდეგ (10.4) მეორეზე ზის და მაგარი ტემპი აქვს აკრეფილი. ვიქტორი ისევ სან ანტონიოს ეკუთვნის. სან ანტონიოში ახალი სპურსი იკერება. თარგზე ისევ პოპოვიჩი მუშაობს და თუ ახალ დიზაინში სანიკიძეც ჩაჯდება, მაგარი იქნება.

ზაზა ფაჩულიამ რაც ითამაშა, ცოტა იყო და ატლანტაში მოძრავი ხუთეულით უფრო სუნთქავენ, ვიდრე მძიმე და სტატიკური პერსონაჟებით. ეს ფაჩულია ძველ ზაზაზე ნელია, დროს ცუდად უფრთხილდება და თან, მომენტებში არ უმართლებს. ერთი და იმავე კალათბურთით სულ ვერ მოიგებ და ფაჩულიას კალათბურთი არ იცვლება. ისევ ის ძალისმიერი და ერთფეროვანი რესტლინგი სამწამიანში. ადრე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამით ქაჩავდა. დღეს უკვე რთულია.

ფაჩულიამ ევროპის ჩემპიონატიდან ტრავმა წამოიღო და გალათასარაიში უკვე ცუდი იყო. ზაზას ერთი წლის წინ, ატლანტაში ნაკლებ წუთში ნაკლები ქულა და მოხსნა აქვს. მოიმატა (14.0/15.7) წუთებმა და თითქმის იგივე დარჩა სტატისტიკა (ქულა – 4.4/4.3, მოხსნა – 4.2/3.8). ფაჩულიას აქვს ნორმალური სროლა და ძირითადად, თუ არ იჩხუბა და თუ ვინმეს არ დაეჯახა, ისე ქულის აღება არ უნდა. ზაზას დაცვა ისევ ცუდია და ფაჩულია ბევრ გაუგებარ ფოლს იღებს. ნაკრებში უფრო დაგაზღვევენ, უფრო დაგიღეჭავენ ყველაფერს. ატლანტაში ერთ შეცდომაზე თითს დაგიქნევენ. მეორე შეცდომაზე დაგასვენებენ. მესამე შეცდომის შემდეგ, დასვენება დისკომფორტამდე იზრდება. ზაზა ცუდი არ არის და ფაჩულია ადრე უფრო კლასით იგებდა, ვიდრე კუნთებით. ზაზა ათქულიანი და ბევრმოხსნიანი ცენტრია. მეორე ხუთეულიდან ძველი სტატისტიკის (12.1 ქულა, შვიდზე მეტი მოხსნა) დაბრუნება რთულია. ზაზასაც რთული სეზონი ეწყება. ჰოქსისგან მეტს და იგივე რუსტერით ითხოვენ. ევროპის ჩემპიონატზე ფაჩულია იშიფრებოდა. იღებს ბურთს, ერთს, ორს დააკაკუნებს, იხედება პერიმეტრზე, იკარგება დრო. ფაჩულია სამწამიანიდან ქულებს იღებს, მაგრამ ერთი-ერთზე ისე უპრობლემოდ ვერ შლის (ევრო)დაცვებს, როგორც ადრე. ზაზამ უკეთ უნდა გამოიყენოს დრო, გუნდი და ნებისმიერი პირველი ნომერი.

თორნიკე შენგელია მომავალია. შარლერუაში ბეგინებით და სხვა ერთჯერადი პერსონაჟებით, შენგელია დროს კარგავს. შარლერუა კალათბურთის ჩეზენაა და შენგელია მილანში უნდა იყოს. ევროლიგაზე თოკოს 8 გასაუბრებაში საშუალოდ 8.9 ქულა და 4.6 მოხსნა აქვს. დასამუშავებელი აქვს ერთი-ერთზე დაცვა და პოზიციური შეტევის დროს სხეულის და პარტნიორების უკეთ გამოყენება. შენგელია თავის ასაკში გარნეტია და ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, ქვედა დივიზიონში ერთობოდა. თოკომ პარტიზანთან ორ ტესტში 16.5 ქულა დაირტყა. 3.4 პერსონალური ბევრია და შენგელიაზე უფრო მეტჯერ (3.5) ჯარიმდებიან. ამ გენერაციის ფორვარდებში შენგელია და ნიკოლა მიროტიჩი სხვაზე ბევრით ასრულებენ. მიროტიჩი რეალში მეტს აკეთებს, მეტს იღებს და ჯერ უფრო ჩანს. შენგელია შარლერუადან მალე წავა. და უკეთესიც იქნება.

 

კომენტარები