ბიზნესი

შესავალი მატერიალური თანასწორობის თეორიაში

რას ვითხოვთ? – სამართლიანობას. როდის ვითხოვთ? – ახლა!

...და მაინც, რა არის ეს ყბადაღებული სამართლიანობა, რომელსაც ყოველი რიგითი დემონსტრანტი მოითხოვს უოლ სტრიტზე. სამართლიანობის 99%-ისეული აღქმა არ გულისხმობს ადამიანთა თანასწორობას კანონის წინაშე, ეს არ არის სამართლიანობა სხვადასხვა რასობრივი, რელიგიური და სქესობრივი დისკრიმინაციის განხრით. ისინი ითხოვენ მატერიალური რესურსების ე.წ. სამართლიან გადანაწილებას. უფრო ბლანტი ქართულით რომ ვთქვათ, არ მიაჩნიათ სწორად, სხვა რომ მათზე ბევრ ფულს აკეთებს.

არავის უჩნდება მოსაზრება, რომ ქუჩაში მდგომი, ბანერების ფრიალით განთქმული ჯო ბლეკი, თვალის დაუხამხამებლად მიიღებდა მონაწილეობას იმავე სპეკულაციებში, რომელშიც, მაგალითად, ბეარ სტერნსი იყო ჩართული. მილიარდიან ბონუსზე, თუნდაც 10 კაცის გაკოტრების ხარჯზე, არცერთი თქვენგანი იტყოდა უარს და საწინააღმდეგოში ვერავინ დამარწმუნებს. მათი პროტესტი ბევრად უფრო გამართლებული იქნებოდა – თუნდაც კონგრესის, ფედერალური რეზერვისა და თეთრი სახლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ რომ იყოს მიმართული. ქვეყანა ეკონომიკური დაღმავლობის გზაზე მათმა არასწორმა პოლიტიკამ დააყენა. ნაცვლად ამისა, აგრესიის უდიდესი ნაწილი წილად ხვდა ბანკირებს, ფინანსისტებს და პროდუქტიულ ბიზნესმენებს. მათ გარეშეც ხაზინა ვერასოდეს შეივსებოდა და არცერთ მათგანს ექნებოდა საკმარისი სახსრები სწავლის საფასურის გადასახდელად თუ ახალი ვილის შესაძენად.

მოსახლეობის უმეტესი ნაწილის აზრით, რესურსების თანაბარი დისტრიბუცია ქვეყნის განვითარების დონეს პირდაპირ უკავშირდება. თანასწორობის ნიშნულით – ჯინის კოეფიციენტით – პოლიტიკოსებიც უზომოდ ბევრს სპეკულირებენ. დღეში ათობით სტატია იწერება, რომ ჯინის კოეფიციენტის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული არაჯანსაღ ეკონომიკასთან. „იცით, – ამბობს მომხიბვლელი დიქტორი, – ამერიკაში ჯინიმ 0.45-ს გადააჭარბა”... ან „ნუთუ ეს მისაღებია თქვენთვის – მოსახლეობის 1%-ს ეკუთვნის მთლიანი შემოსავლის 33%”.

იმავე ჯინის მაჩვენებელი ერთ-ერთ პროვინცია ასამში – 0.17-ია: თითქმის იდეალურად თანასწორია ყველა. თუმცა ასამი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ და განუვითარებელ ნაწილად ითვლება. საქართველოში ინდექსი ბოლო 5 წლის მანძილზე 0.39-0.41 ფარგლებშია, განვითარების სისწრაფე კი – საშუალოდ წლიური 10-12%, როდესაც ასამში ეს მაჩვენებელი 3%-ს არ სცდება.

მატერიალური კეთილდღეობა ყოველთვის ცალკეა განხილული. არავინ აპროტესტებს ტაისონის ძალას ან გალაკტიონ ტაბიძის პოეტურ ნიჭს. არადა, რომ დაუფიქრდე, რა განსხვავებაა „ფულის შოვნის ნიჭსა” და „მათემატიკურ ტვინს” შორის? ორივე – ინდივიდის განმასხვავებელი დამახასიათებელია: ის, რომ უორენ ბაფეტს უკეთესი ბიზნესალღო აღმოაჩნდა, ვიდრე სხვას – არ უნდა იყოს მისთვის პროგრესული გადასახადის დაკისრებისა და სახელმწიფო საპენსიო ფონდის ბიზნესმენის მილიონებით შევსების მიზეზი.

სიმეტრიული კეთილდღეობის თეორია, სოციალური კონვერგენცია და კეთილშობილ სულზე აგებული ეკონომიკის წარმატება, დღეს ისეთივე ჟანრის მეცნიერული ფანტასტიკაა, როგორიც ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი”.

ჯერ ერთი, ადამიანთა დისკრიმინაცია იმის გამო, რომ მათი მატერიალური შესაძლებლობა ბევრად აჭარბებს მოსახლეობის უმეტესობისას – უსამართლობაა. მეორეც, მატერიალურად თანასწორი საზოგადოება დამანგრეველია ეკონომიკისთვისაც.

განვიხილოთ შემდეგი ჰიპოთეზა: ქვეყანაში მატერიალური თანასწორობა, პროგრესისა და ეკონომიკური თავისუფლების უკუპროპორციულია

პროგრესი, იქნება ეს ტექნოლოგიურ, საგანმანათლებლო თუ ფინანსურ სექტორში, ცხოვრების დონის ამაღლებისა და ადამიანთა მოდგმის გონებრივი ევოლუციისათვის აუცილებელია. წინასწარ ბოდიშს ვიხდი ასეთი უხეში შედარებისათვის, მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ IBM-ისათვის ჩამოერთმიათ ყველანაირი პირველადი მოგება, იმ მიზეზით, რომ მათი წარმატება სხვებს თავს ცუდად აგრძნობინებდა. სავარაუდოდ, პერსონალური კომპიუტერების სექტორის განვითარება შეფერხდებოდა და შესაძლოა, სავარძლებში კომფორტულად მოკალათებულთ, Facebook-ის ნაცვლად, სატელეფონი ცნობარში დაგჭირვებოდათ კონტაქტების ძებნა.

განვითარების დონე, ცხოვრების გაუმჯობესება და ტექნოლოგიური აქსელერაცია, პირდაპირაა დაკავშირებული ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებთან. რომ არა მატერიალური სიმდიდრის მოხვეჭისა და განსხვავებულობის პერსპექტივა, ბაზარზე არსებული ნიშების შევსება არცთუ ისე ადვილი იქნებოდა. არც ტექნოლოგიური კომფორტის დონე განვითარდებოდა მსგავსი ექსპონენციალური სისწრაფით. როგორც პოპულარული ავტორი და New York Times-ის სვეტის ავტორი, ტომას ფრიდმანი ერთ-ერთ მოხსენებაში ამბობს, 2004 წელს 4G პარკინგის ადგილი იყო და არა სუპერსწრაფი, მობილური მოწყობილობებისათვის განკუთვნილი უსადენო ტექნოლოგია.

ყველა, ვინც ორი წუთით მაინც დაფიქრდება ჩვენს ცხოვრებაში მატერიალური მოტივაციის მნიშვნელობასა და წარსულ, თუნდაც 20 წლის, პროგრესზე – მიხვდება, რომ თანასწორობის ძალით მიღწევა სხვა არაფერია, თუ არა პროგრესისკენ გადაკეტილი გზა. ის, რომ ჰენრი ფორდმა ცხოვრებაშივე დიდი ქონება მოიხვეჭა – არც დამატებითი გრანტების დამსახურება იყო და არც სოციალური დახმარების. ფორდი მშრომელი, რისკიანი ბიზნესმენი გახლდათ. ის მთლიანად იხარჯებოდა თავისი კომპანიისათვის. საკუთარ ქონებასა და კეთილდღეობას დებდა სასწორზე. შრომობდა შეუწყვეტლივ, თითქმის 16-18 საათი დღეში, სავარაუდოდ არც შაბათ-კვირა არსებობდა მისთვის და არც ახალი წლის საღამო. ფორდმა დაიმსახურა თითოეული ცენტი, რომელიც კი ოდესმე გამოუმუშავებია.

კომენტარები