პარტიების დაფინანსება

პარტიების დაფინანსების წესის შესახებ ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა

20 დეკემბერს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალ წესზე ცვლილებათა პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო - ცვლილებათა პროექტი იურიდიულ პირებს, მათ შორის ბიზნეს ორგანიზაციებს პარტიების დაფინანსებას უკრძალავს.

პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებები ვენეციის კომისიამ განიხილა და დადებითად შეაფასა იურიდიული პირების შემოწირულობების აკრძალვა, ფინანსური ოპერაციების უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელება და პარტიათა ფინანსური მონიტორინგის მიზნით კონტროლის პალატის ჩართვა. ვენეციის კომისიის შეფასებით, ახალი რეგულაციები „ბევრ საერთაშორისო სტანდარტს“ შეესაბამება. ამასთანავე, ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ მომავალში იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების „ფართო აკრძალვის“ გადახედვა მოხდეს.

თითოეული ფიზიკური პირისგან პოლიტიკურ პარტიებს 60 000 ლარამდე მიღების უფლება ექმნებათ. ამჟამად ეს თანხა 30 000 ლარს შეადგენს. რეგულაცია პარტიების საარჩევნო კამპანიების ფონდებსაც შეეხება.

რეგულაციები შეეხება პარტიების საწევრო შენატანებსაც: მათი მოცულობა წელიწადში 1200 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, პარტიების წლიური ჯამური დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ს 0.2%-ს. ხოლო ინფორმაცია შემოწირულობის შესახებ პარტიამ ფულის მიღებიდან 3 დღის მანძილზე უნდა წარადგინოს. შეზღუდვა შეეხება სესხებსაც: პარტიას სესხის აღების უფლება მხოლოდ ბანკში ექნება და არა რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისგან. შეზღუდვა უწესდებათ კომერციულ ბანკებსაც: პოლიტიკური პარტიებისთვის გაცემული კრედიტის საერთო რაოდენობა წლიურად 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. შესაძლოა, პროექტის საბოლოო დამტკიცებამდე ეს ლიმიტი გაიზარდოს.

 

კომენტარები