საქართველო

საქართველო სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე

სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე მომავალ წელს ქართული სოფელი მოეწყობა. საქართველოს საშობაო ბაზრობაზე მიწვევის გადაწყვეტილება სტრასბურგის მერიამ მიიღო. ბაზრობას ქართული მხარე მომავალი წლის ნოემბრის შუა რიცხვებში გახსნის და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. ბაზრობაზე საქართველოს ყველა კუთხე იქნება წარმოდგენილი, რომლებიც სტუმრებს ქართულ პროდუქტებსა და ტრადიციულ კერძებს შესთავაზებენ. ასევე, გამოფენილი იქნება ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელი ეროვნული სამოსი. სტრასბურგის ვიცე-მერის ნაველ რაფიკის განმარტებით, ბაზრობის სტუმარის შერჩევისას სტრასბურგის მერია უმთავრესად ითვალისწინებს ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დონეს. ასევე მნიშვნელოვანია საერთო ევროპული ფასეულობების პატივისცემა. 

სტრასბურგის პირველი საშობაო ბაზრობა 1570 წელს მოეწყო და მას, დაახლოებით, 450-წლიანი ისტორია აქვს. ბაზრობაზე სტუმრის სტატუსით ყოველ წელს სხვადასხვა სახელმწიფოს იწვევენ.  ამ მოვლენასთან დაკავშირებით,   ქალაქში   ტურისტთა რაოდენობამ წელს 3 მილიონს გადააჭარბა. მიწვეული სტუმარი წელს შვეიცარია იყო და შესაბამისად, ტურისტებს, ამჯერად შვეიცარიული სოფელი მასპინძლობდა. ბოლო წლებში ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო პოლონეთი, რუმინეთი და ნორვეგია.

კომენტარები