საქართველო

15 წლის ქართველი მოსწავლეების 65%-ს მარტივი ტექსტის სწორად გააზრება არ შეუძლია – The World Bank

მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის მიმოხილვამ ახალი, 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა სიღარიბე და გაიზარდა საშუალო ფენა. ამასთან ერთად, უმუშევრობამ, უხარისხო დასაქმებამ და მიგრაციის მაღალმა მაჩვენებელმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის კეთილდღეობის გზას.

ანგარიშში ხაზგასმულია მოსწავლეთა განვითარებისა და განათლების საკითხები. დოკუმენტის მიხედვით, არსებითი პროგრესის მიუხედავად, საქართველოში ბავშვთა განვითარების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლებს. 

2018 წლის სტუდენტთა საერთაშორისო შეფასების პროგრამაში (PISA) ტესტის ქულების მიხედვით, საქართველოს კითხვის ყველაზე დაბალი ქულით რეგიონში მეორე ადგილზეა.

"5 წლამდე ქართველი ბავშვების ნახევარს სახლში 3ზე ნაკლები საბავშვო წიგნი აქვს.

4-დან1 ქართველი ბავშვი ბაღში არ დადის მაშინ, როდესაც მათი ევროპელი თანატოლების თითქმის 100% დადის ბაღში.

15 წლის მოსწავლეების 65%-ს არ შეუძლია სწორად გაიაზროს, გაიგოს მარტივი ტექსტი". - წერია ანგარიშში.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული არსებითი რეფორმების მიუხედავად, საქართველოს ადამიანური კაპიტალი საჭიროებს ინკლუზიურობისა და ხარისხის ზრდას, ადამიანურ განვითარებაში გაწეული ხარჯები კი ეფექტიანობის გაზრდას.

ანგარიშის მიხედვით, COVID-19-ის პანდემიამ გამოავლინა მოქნილი მიწოდების სისტემების შექმნის მნიშვნელობა, რაც დაეხმარება ადამიანებს კრიზისის დროს, რათა თავიდან აიცილონ ადამიანური კაპიტალის დანაკარგები, ხოლო უმუშევრობამ, უხარისხო დასაქმებამ და მიგრაციის მაღალმა მაჩვენებელმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის კეთილდღეობის გზას.

კომენტარები