საპატიმროები

კალმახელიძის უწყება პატიმრის ცემის შესახებ ცნობას გამოეხმაურა

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო გამოეხმაურა   მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილის ცემის ფაქტს. სამინისტროს განცხადების მიხედვით,   კახაბერ ბარათაშვილი რუსთავის  მე-17-ე  ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში  იხდიდა სასჯელს , თუმცა   სამედიცინო საჭიროებებიდან გამომდინარე,  ინტენსიური მკურნალობის მიზნით,   მე-18 -ე  მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ბარათაშვილს იქ 30 ნოემბერს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და  როგორც ოფიცალურ განცხადებაშია  აღნიშნული , ამჟამად  მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"უნდა აღინიშნოს, რომ ამავდროულად, ბრალდებულთა  სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს სსკ 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2011 წლის 2 დეკემბერს საქართველოს საჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება და დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.”- განმარტავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.

კახაბერ ბარათაშვილის ადვოკატმა კახა მუმლაძემ  ამ ცოტა ხნის წინ მიმართა სახალხო დამცველს და შეატყობინა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ   ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.  ბარათაშვილი მოინახულეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა.  პატიმარმა  მათაც  დაუდასტურა, რომ   დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს მას შემდეგ, რაც გაუსაძლისი ტკივილის გამო ექიმი მოითხოვა და როცა ექიმი არ გამოჩნდა, ყურადღების მიპყრობის მიზნით  საკნის კარზე დააბრახუნა.  სახალხო დამცველმა ამ ინფორმაციაზე რეაგირებისთვის მთავარ პროკურორს მიმართა. 

კომენტარები