დღეს გავრცელდა ცნობები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ( IRI) ბოლო პოლიტიკური კვლევების შედეგების შესახებ. სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა მის ხელთ არსებული მონაცემები, რომლის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი ( კვლევის თანახმად ) ამ ეტაპზე სამ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს ( ნაციონალური მოძრაობა , ივანიშვილის პოლიტიკური ბლოკი და ქრისტიან -დემოკრატიული მოძრაობა). სააგენტოს მონაცემებით , IRI-ს კვლევისას შეკითხვაზე - ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას? - პასუხები ასე გადანაწილდა: 32 პროცენტი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 27 პროცენტი ბიძინა ივანიშვილს, 10 პროცენტი გიორგი თარგამაძეს, 2 პროცენტი შალვა ნათელაშვილს და 2 პროცენტი ირაკლი ალასანიას. ინტერპრესნიუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გამოკითხვა 27 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე ჩატარდა და სულ 4000 რესპონდენტი მოიცვა.
აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით მონაცემები გაავრცელეს ნაციონალურმა მაუწყებლებმაც. ტელეკომპანია ”იმედის” ინფორმაციით , IRI-ის ბოლო გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ნაციონალურ-მოძრაობას 42 პროცენტი დაუჭერდა მხარს, ბიძინა ივანიშვილის ბლოკს 18 , ხოლო ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას 8 პროცენტი. ”იმედის” ცნობით, გამოკითხვის მიხედვით, პოლიტიკოსებს შორის რეიტინგში მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს, მის მიმართ გამოკითხულთა 74 პროცენტია კეთილგანწყობილი.
ტელეკომპანია რუსთავის 2-ის მონაცემებით , საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგებით , ოპოზიციონერ ლიდერთა შორის 22 % -ით გიორგი თარგამაძე ლიდერობს, შემდეგ ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი 21%-ით, შალვა ნათელაშვილს 4% იწონებს, ირაკლი ალასანია კი 3% ."რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 61% ქვეყნის მთავარ პარტნიორად - აშშ-ს, 33 % კი ევროკავშირს ასახელებს. 78%-ს ქვეყნის მთავარ საფრთხედ რუსეთი მიაჩნია, 65%-ის აზრით , რუსული აგრესია საქართველოში ისევ გრძელდება.
საპარლამენტო უმრავლესობის ინფორმაციით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ნდობის რეიტინგი 70%-ის ფარგლებშია, "ნაციონალურ მოძრაობას" კი ამომრჩევლების მთლიანი რაოდენობიდან 42% უჭერს მხარს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა და დასძინა, რომ IRI-ს კვლევების დღევანდელი შედეგები დიდად არ განსხვავდება წინა შედეგებისაგან .
” მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) რეიტინგებში "ნაციონალური მოძრაობის" ჰიპოტეტური კანდიდატიც კი უსწრებს ოპოზიციის რეალურ კანდიდატებს”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთმა მრჩეველმა ირაკლი სესიაშვილმა დღეს გავრცელებულ ცნობებში ნაციონალური მოძრაობის და მისი ჰიპოტეტური კანდიდატისადმი მხარდაჭერის კლება დაინახა. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა კი ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ოპოზიცურ ლიდერებს შორის ნდობის რეიტინგში პირველ ადგილზე "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძეა. გავრცელებული ცნობებით ის რეიტინგში ერთი პროცენტით უსწრებს ბიძინა ივანიშვილს.
საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში ( IRI) ინტერპრესნიუსს განუმარტეს, რომ კვლევამ რამდენიმე თემა მოიცვა: პოლიტიკა, ეკონომიკა, ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართება და ასე შემდე. იქვე განაცხადეს , რომ კვლევის შედეგები მედიისთვის ვაშინგტონში 2 კვირაში გამოქვეყნდდება.




