საქართველო - რუსეთის ურთიერთობა

სააკაშვილი: მონობას შეჩვეულებისთვის მომავალი მოსკოვშია

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დეკემბერში დაიწყება,ამის შესახებ დღეს   საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.  პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ  ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ საქართველო შეძლებს, დაახლოებით ორ წელიწადში გაიტანოს თავისი პროდუქცია ევროპის ბაზრებზე.  მისივე თქმით, მარტში ან აპრილში ევროკავშირთან დაიწყება მოლაპარაკებები უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. "უვიზო მიმოსვლა ნიშნავს, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება თავისუფალი გადაადგილება ევროპის მიმართულებით. ეს უახლოესი წლების ამბავია.ეს არის ჩვენი რეალობა, რომელშიც გადავდივართ. მონობას შეჩვეული ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის ჩვენი მომავალი არის მხოლოდ მოსკოვში. იმ მოსკოვში, რომელმაც გუშინ აღიარა, ომი ჩვენთან იმიტომ დაიწყო, რომ არ დაეშვა ნატოს გაფართოება ჩვენს საზღვრებში და რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმ დღეს, ქუთაისში მთავრობის ახალ სახლში გამართულ სხდომაზე. მან თქვა ისიც, რომ რუსულმა ეკლესიამ ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა საბჭოთა კავშირის აღსადგენად. "ისინი ამას გამოხატავენ ძალიან ღიად. მათ უნდათ საქართველო იყოს დამონებული და დაჩოქილი ქვეყანა, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ექნება. უფრო სწორედ, ეს უნდა იყოს იმაზე უფრო დაბალი სტატუსის მქონე ტერიტორიული ერთეული, ვიდრე იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში. ჩვენთვის გზა მაგ მხარეს არის ჩაკეტილი. თუ ვინმეს უნდა წასვლა, შეუძლია ინდივიდუალურად აიღოს ბილეთი და ქუთაისის ახალი აეროპოტიდან გაფრინდეს მოსკოვში მთელი თავისი ბარგი-ბარხანით. ასეთი რეისებიც იქნება ქუთაისში. აქედან გავუგზავნით პოლიტიკოსებს, იქიდან მივიღებთ ტურისტებს, რომლებიც თანდათან ჩაანაცვლებს რუს სამხედროებს, "სალდატებს" და მაიორ ბორისოვს, რომელიც აფეთქებს საქართველოში სხვადასხვა ობიექტს", - განაცხადა სააკაშვილმა.

ქუთაისში დღეს გაიხსნა მთავრობის სახლი, მხარეთმცოდნეობის ახალი მუზეუმი და გაიხსნა კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობა. 

კომენტარები