საქართველო - რუსეთის ურთიერთობა

რუსეთის ფედერაციამ გადამზიდველებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა

რადიო თავისუფლება

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა საქართველოსთვის საავტომობილო მიმოსვლის ვიზები გაამარტივა.ამასთან დაკავშირების ეკონომიკის სამინისტრო განცხადებით გამოვიდა.

"2013 წლის 27 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროდან შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის საშუალებით ოფიციალურად იქნა მოწოდებული ინფორმაცია საქართველოს გადამზიდველებისათვის (მძღოლებისთვის) რუსეთის ფედერაციის ვიზების გამარტივებული წესით მიღების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ აუცილებელი პროცედურების გავლის შემდეგ, რაც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდზე (www.lta.gov.ge), ქართველ გადამზიდველებზე, პრიორიტეტულ რეჟიმში (წინასწარი ჩაწერის გარეშე), იქნება გაცემული საქმიანი მრავალჯერადი ვიზები ერთი წლის ვადით. ვიზის გაფორმების საკონსულო მოსაკრებელი დაჩქარებული წესით (3 სამუშაო დღეში) გაფორმებისათვის შეადგენს 310 აშშ დოლარს, ხოლო ჩვეულებრივ რეჟიმში (10 სამუშაო დღეში) გაფორმებისათვის - 160 აშშ დოლარს,"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ. 

 

მისივე თქმით, "2012 წლის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე მიმდინარეობდა კონსულტაციები რუსეთის მხარესთან და 2012 წლის ბოლოს, 2006 წლის შემდეგ პირველად, რუსეთის ფედერაციიდან გადმოგზავნილ  იქნა საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვის კვოტირებული ნებართვის ბლანკები (1000 ერთეული).
აქვე, 2013 წლის 6-7 აგვისტოს მოსკოვში გაიმართა საავტომობილო ტრანსპორტის რუსეთ-საქართველოს შერეული კომისიის სხდომა, რომელსაც საქართველოს მხრიდან უძღვებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს" ხელმძღვანელი. სხდომაზე განხილული იყო ორ ქვეყანას შორის 2006 წლის შემდეგ შეწყვეტილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო მიმოსვლის და სატვირთო გადაზიდვების აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე გაიცვალა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვისა (500 ერთეული ორმხრივი და ტრანზიტული გადაზიდვის და 20 ერთეული მესამე ქვეყნიდან/ქვეყანაში გადაზიდვის) და არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის (10 ერთეული) ნებართვების ბლანკები. საყურადღებოა, რომ სწორედ აღნიშნული კომისიის სხდომაზე ქართული მხარის მიერ პრინციპულად იქნა დასმული - საქართველოს გადამზიდველებისათვის (მძღოლებისათვის) ვიზების გამარტივებული წესით მიღებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება შესაძლო მოკლე ვადაში. მოლაპარაკების დროს რუსეთის მხარის დელეგაციის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა ამ საკითხის დროულად გადაწყვეტის თაობაზე, რაც ოფიციალურად დაფიქსირდა მხარეებს შორის გაფორმებულ ოქმშიც.
ზემოაღნიშნული კომისიის ჩატარების შემდეგ, დღეისათვის 2013 წელს გაცვლილი ნებართვებიდან საქართველოს გადამზიდველების მიერ ათვისებულია 500 ერთეული ორმხრივი,  ტრანზიტული გადაზიდვის და 20 ერთეული მესამე ქვეყნიდან/ქვეყანაში გადაზიდვის ნებართვა. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები 2014 წელს მხარეებს შორის გასაცვლელი ნებართვების რაოდენობის შეთანხმების თაობაზე. 
ქართველი გადამზიდველებისათვის რუსეთის ვიზების მიღების პროცედურების გამარტივება ხელს შეუწყობს საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე-გადამზიდველების დასაქმებას ორმხრივი და ტრანზიტული სატვირთო და სამგზავრო საავტომობილო მიმოსვლის სფეროში, ასევე ორ ქვეყანას შორის სატვირთო და სამგზავრო გადაყვანა/გადაზიდვების მოცულობების ზრდას სახმელეთო გზის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე ტრანსპორტირებისათვის საჭირო დროისა და თვითღირებულების შემცირების ხარჯზე, რაც ქვეყნებს შორის სავაჭრო ტვირთბრუნვის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის."

 

კომენტარები