სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში განცხადებას ავრცელებს. ტუღუშის თქმით, ტოლერანტობის დამკვიდრება საზოგადოების განვითარებაში წამყვან როლს ასრულებს და მისი არ არსებობა საფრთხეს შეიცავს:

”დღეს უკვე აღარ არის საკამათო, რომ ტოლერანტობის დამკვიდრებისა და გაღრმავების გარეშე საზოგადოება, სახელმწიფო, ეკონომიკა და კულტურა ვერ ვითარდება. ხოლო შეუწყნარებლობის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციის, სიძულვილის წახალისება და გაღვივება დეჰუმანიზაციის, იზოლაციის, საომარი  კონფლიქტების პროვოცირებისა და, თამამად შეიძლება ითქვას, თვითგანადგურების წინაპირობა, არსაით მიმავალი გზაა.”

განცხადებაში ნათქვამია, რომ უნდა გადაილახოს დილემა - დავიცვათ თუ არა უმცირესობათა უფლებები, როცა ამან შესაძლოა დარტყმა მიაყენოს საჯარო პირის რეიტინგს. თუმცა სახალხო დამცველი დილემას არ აღიარებს, რადგან მისი აზრით სწორედ განსხვავებულის თანასწორად აღქმით არის შესაძლებელი ნამდვილი წარმატებისა და წინსვლის უზრუნველყოფვა.

”ჩვენ ყველამ  ერთად უნდა მივიღოთ მონაწილეობა ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც ერთი მხრივ, ადამიანს საკუთარი განსხვავებულობის, რელიგიური თუ კულტურული არჩევანის  თავისუფლად განხორციელება  შეეძლება, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელობას იქნება მოკლებული, რომელი ეთნიკური, რელიგიური, კულტურული თუ რასობრივი ჯგუფის წარმომადგენელია  ესა თუ ის მოქალაქე, ესა თუ ის პიროვნება! ” ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები