რეფერენდუმი

ალასანია რეფერენდუმს ითხოვს

ირაკლი ალასანია დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნას მითხოვს. როგორც  ირაკლი ალასანიამ დღეს პარლამენტის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები, რასაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, „მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა“,  რომელიც საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება.

"ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ 40-ით გაზრდის იმ პარლამენტარების რიცხვს, რომელთა სახელებიც ამომრჩევლებმა საკუთარ რაიონებშიც არ იციან", - აღნიშნა ალასანიამ. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ხალხის ნებას,  რადგან  2003 წლის ნოემბერში გამართული რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობამ მხარი  დეპუტატთა რაოდენობის 150 კაცამდე შემცირებას  დაუჭირა. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა არა მარტო "ნაციონალურმა მოძრაობამ", არამედ ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც.

დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება პარლამენტში გასულ კვირას განხორციელდა. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თანახმად, პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-დან 190 დეპუტატამდე იზრდება.

კომენტარები