რეფერენდუმი

Brexit: რეფერენდუმში ბრიტანელების 51.9 %-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი

PA

BBC-ს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 51.9%-მა ისტორიულ რეფერენდუმში ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. ამ დროისთვის, უკვე ყველა სარეფერენდუმო ოლქის შედეგები დათვლილია. რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ, დოლართან მიმართებით გირვანქა სტერლინგი 10%-ით გაუფასურდა. ფუნტმა დოლართან მიმართებით 1985 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

ლონდონში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ამომრჩეველმა ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი. უელსისა და ინგლისის მოსახლეობამ კი, დიდი ბრიტანეთის გამოყოფა არჩია.
ისტორიულ რეფერენდუმზე უფრო მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, ვიდრე გასულ წელს საყოველთაო არჩევნებზე. რეფერენდუმში ბრიტანეთის მოსახლეობის 72.2%-მა, ანუ 46 501 241 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის წევრი 43 წლის განმავლობაში იყო.

რეფერენდუმის ჩატარება კონსერვატიული პარტიის 2015 წლის წინასაარჩევნო კამპანიასთან არის დაკავშირებული. დევიდ კამერონი გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას დაპირდა.

კომენტარები