აშშ-საქართველოს ურთიერთობები

ბაიდენი: რუსეთ-საქართველოს შეთანხმება ისტორიულია

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ცნობით, 9 ნოემბერს გაიმართა სატელეფონო საუბარი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის და ამ საუბრისას ბაიდენმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO) რუსეთის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებში შეთანხმებას ”ისტორიული ნაბიჯი” უწოდა. საელჩოს მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა უთხრა , რომ მიღწეულ შეთანხმებას აქვს პოტენციალი რეგიონში დაძაბულობის შემცირებას შეუწყოს ხელი. ჯო ბაიდენმა მიხეილ სააკაშვილი შეაქო WTO-ს საკითხზე მოლაპარაკებებში მისი ლიდერობის გამო და აღნიშნა, რომ პირველად საქართველოს ექნება სრული გამჭირვალობა რუსეთთან ვაჭრობაზე, მათ შორის ვაჭრობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან და მათი გავლით. ” ორივე მხარეს ექნება წვდომა დავის მოგვარების მიუკერძოებელ მექანიზმზე - უთანხმოებების წარმოქმნის შემთხვევაში”- მოყვანილია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ვიცე-პრეზიდენტის ნათქვამი. საელჩოს ცნობით, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა მხარი დაუჭიროს რუსეთ-საქართველოს შეთანხმების სრულად შესრულებას. ბაიდენმა და სააკაშვილმა ასევე განიხილეს აშშ–სა და საქართველოს „ახლო კავშირები“ და „ორმხრივი თანამშრომლობა უსაფრთხოების საერთო მიზნების მისაღწევად“. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით , ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და ნატოს საბჭოს თბილისში გამართვას, მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიმბოლო უწოდა.

 

კომენტარები