7 ნოემბერს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრები სანქტ-პეტერბურგში ხვდებიან. პარალელურად, რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმერ პუტინი ორმხრივ მოლაპარაკებას გამართავს ჩინელ და პაკისტანელ კოლეგებთან, ვენ ჯიაბაოსა და იუსუფ რაზა გილანისთან.
დიპლომატების ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნების ლიდერები ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში ეკონომიკური ვითარების შესახებ საერთო კომუნიკეს მიიღებენ. ასევე, შეიმუშავებენ გეგმას თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გამყარებას.
SCO 2001 წლის 15 ივნისს შანხაიში დაარსდა. პოლიტიკური ბლოკი ექვს სახელმწიფოს აერთიანებს - ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. მონღოლეთი, ინდოეთი, ირანი და პაკისტანი ოფიციალური დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ და ორგანიზაციაში გაწევრიანება სურთ. შანხაის ჯგუფთან ფორმალური კავშირები გააჩნიათ ასევე ავღანეთს, თურქმენეთს, ბელარუსსა და შრი ლანკას. ორგანიზაცია რეგიონში უსაფრთხოების, კულტურული ურთიერთობებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდას ემსახურება.




