ლგბტ საქართველოში

ჰომოსექსუალთა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა - თანაბარი თუ არათანაბარი?

ავტორი: გიორგი კიკონიშვილი

“მე მიმაჩნია, რომ სექსუალური, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები არიან ისეთივე წევრები ჩვენი საზოგადოების, როგორც ყველა სხვა დანარჩენი მოსახლეობა და დამოკიდებულება მათ მიმართ იქნება ისეთივე, როგორიც ყველასთან”.- ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა თავის პირველ გახმაურებულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) უფლებების დამცველი, განცხადების ზოგად შეფასებას თავს ავარიდებ და რელიგიურ ან ეთნიკურ უმცირესობებზე საუბრის ნაცვლად, საკითხს სწორედ ლგბტ უფლებების ჭრილში განვიხილავ. 

მკაფიოდ თქმა იმის, “კარგია” თუ “ცუდი” ეს განცხადება, პრინციპში ადვილი არაა. განცხადებას აქვს თავისი პლიუსებიც და მინუსებიც.

ერთის მხრივ, მისასალმებელია, როდესაც პოლიტიკური ამბიციების მქონე საჯარო პირი კონსერვატიული საზოგადოების წინაშე, ტელეეთერში თამამად აცხადებს, რომ ჰომოსექსუალებს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად თვლის და ადამიანებს სექსუალური ორიენტაციის მიხედვით არ განარჩევს. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ივანიშვილის ამ განცხადებამდე, საჯარო სივრციდან ფაქტობრივად არ გვახსოვს პოლიტიკოსის მიერ ჰომოსექსუალთა თანასწორობის იდეის მკაფიო მხარდაჭერა. ამ მხრივ მან ნამდვილად შემოიტანა “ახალი ხილი” ქართულ პოლიტიკურ კულტურაში. (ცხადია, არ ვგულისხმობ კონსერვატორ ჰომოფობ პოლიტიკოსებს, რომლებსაც არაერთხელ დაუფიქსირებიათ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ამ საკითხზე. გახსოვთ ალბათ, ომბუდსმენობის ყოფილი კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ჰომოსექსუალთა დასჯასაც კი მოითხოვდა კანონის ძალით.)

მეორეს მხრივ კი ჩნდება კითხვა: როგორ მოიქცეოდა ნებისმიერი ჭკვიანი პოლიტიკოსი მის ადგილას? იყო კი რაიმე განსაკუთრებული და ახალი ივანიშვილის განცხადებაში, ისეთი, რასაც სხვა პოლიტიკოსი არ იტყოდა? იმ ფონზე, როდესაც დიმიტრი ლორთქიფანიძემაც კი მოგვიანებით უარყო საკუთარი სიტყვები და განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, განურჩევლად სექსუალური კუთვნილებისა, წარმოგიდგენიათ რომელიმე პოლიტიკოსი, ვინც საჯაროდ დაიწყებს ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციას? სწორედ აქ ჩნდება განცდა, რომ ივანიშვილმა უბრალოდ შაბლონური, ნეიტრალური პასუხი გასცა ჟურნალისტის შეკითხვას და ადვილად აარიდა თავი დაკონკრეტებას. დასაკონკრეტებელი და პასუხგაუცემელი კითხვები კი უამრავია. 

მაგალითად, როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფალი, რომელსაც გულწრფელად სურს, მისი ქვეყნის თვითოეულმა მოქალაქემ დაცულად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს თავი, განურჩევლად სექსუალური იდენტობისა? უტრირებულად რომ ვთქვათ, იურიდიული თვალსაზრისით, საქართველოში ჰომოსექსუალები “არ ვარსებობთ”, კონსტიტუცია უბრალოდ “არ გვაღიარებს”. “ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.” (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი #14)

თუ არ ჩავთვლით შრომის კოდექსსა და მაუწყებლის კოდექსს, ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა არ არსებობს. მეტიც, მთელ რიგ შემთხვევებში, მაგალითად სისხლის დონორობისას კანონმდებლობა დისკრიმინაციულია და ჰომოსექსუალებს დონორობას უკრძალავს. გარდა ამისა, გადაუჭრელ პრობლემად რჩება სიძულვილის ენა, რომელიც უხვად მოედინება სხვადასხვა მასმედიის საშუალებებისა და საჯარო პირებისგან, მათ შორის პოლიტიკოსებისგან. კანონმდებლობა არ ცნობს არც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს და სულ რაღაც ერთი წლის წინ ბათუმის მერიის წარმომადგენელი ღიად, პირადად დაპირდა მოსახლეობას, რომ არაფრის დიდებით არ დაუშვებდა ბათუმში გეი აღლუმის ჩატარებას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ლოგიკურია, ჩნდება კითხვა: ივანიშვილი კი აცხადებს, ყველას თანაბრად მივუდგებიო, მაგრამ საჭიროა კი ეს ნეიტრალური, თანასწორი მოპყრობის პოლიტიკა? ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია რომ არ მოხდეს, დავაკონკრეტებ: რათქმაუნდა, არ ვგულისხმობ ჰომოსექსუალთათვის პრივილეგიების მინიჭებას. ვსაუბრობ ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკაზე, რომელიც  თანაბარ მიდგომას უკვე გამორიცხავს, რაკიღა საზოგადოებისა და საჯარო პირებისგან ხშირ შემთხვევაში მარგინალიზებულ და დისკრიმინირებულ ჰომოსექსუალთა უფლებების დასაცავად და მათი ინტეგრაციისთვის სწორედ არათანაბარი, ანტიდისკრიმიანციული პოლიტიკაა საჭირო. როგორ შეიძლება მიდგომა იყოს თანაბარი, როდესაც ჰეტეროსექსუალებს და ჰომოსექსუალებს განსხვავებული საჭიროებები გააჩნიათ? 

 საერთო ჯამში, ამიტომაც რთულდება პასუხის გაცემა კითხვაზე: ივანიშვილის განცხადება პოზიტიურია თუ ნეგატიური? ყველაზე მეტად ის ალბათ შაბლონური, ნეიტრალური განცხადებების რიცხვს განეკუთვნება, რომელმაც საბედნიეროდ პირველად და ღიად შემოიტანა ლგბტ უფლებების თემა საჯარო სივრცეში, თუმცა ამასთანავე პასუხზე უფრო მეტი შეკითხვები გააჩინა. შეკითხვები, რომელზეც ფიქრი და ჩაღრმავებული მსჯელობა ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევს ყველას, პოლიტიკოსს, საჯარო პირს თუ ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც ნამდვილად თვლის, რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის თვითოეული მოქალაქე ძვირფასია, განურჩევლად მისი სექსუალური ორიენტაციისა.

 


კომენტარები