საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და გმობს რუსი მაღალჩინოსნების განცხადებებს თითქოს საქართველოს მხრიდან მოსალოდნელია ახალი სამხედრო პროვოკაციები. ასეთი განცხადება ამ დღეებში რუსეთის სამხედრო-დაზვერვის ხელმძღვანელმა ალექსანდრ შლიახტუროვმა გააკეთა. მან თქვა, რომ რუსეთის და რუსეთის მოკავშირეების წინააღმდეგ მოსალოდნელ საქართველოს პროვოკაციებს რუსეთი დაუყოვნებლივ უპასუხებს. ” მაღალჩინოსნის ეს განცხადება უნდა განვიხილოთ ტრადიციული რუსეთის აგრესიული პოლიტიკის კონტექსტში”- ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. ოფიციალური თბილისი რუსეთს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალების შემდგომ ზრდაში ადანაშაულებს, ამის გამო კიდევ ერთხელ გამოხატავს პროტესტს და რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაცია.




