რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე მონიტორინგს შვეიცარიის მხარე განხორციელებს. ამის შესახებ საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტების გუშინდელი მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ . მისი თქმით, სხვა მხრივ შეთანხმების ტექსტი უცვლელია, რუსეთის მხარემ ითხოვა დამატებითი დრო საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად .
გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ შვერიცარიის შეთავაზებას რუსეთი, სავარაუდოდ, 1 ნოემბერს უპასუხებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასა და შვეიცარიელ შუამავლებს შორის ბათუმში გამართულმა შეხვედრამ „რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს“ მოჰფინა ნათელი. კერძოდ, მიღწეულია შეთანხმება , რომ შვეიცარია ნეიტრალური, მესამე მხარის როლს შეასრულებს. ის დაიქირავებს კერძო კომპანიას, რომელიც რუსეთ–საქართველოს საზღვარზე, „მათ შორის საზღვრების სადავო მონაკვეთებზე“ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ტვირთების მოძრაობას გაუწევს მონიტორინგს. შესაბამისად, ტვირთების მონიტორინგი არა მხოლოდ როკსა და ფსოუზე, არამედ ლარსზეც განხორციელდება.
შვეიცარიის წინადადების თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებლები კერძო კომპანიიდან „სავაჭრო დერეფნების“ თავში და ბოლოში განთავსდებიან. სულ ქვეყნებს შორის სამი სავაჭრო დერეფანი არის გათვალისწინებული - ორი მათგანი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიას მოიცავს, ხოლო მესამე - ლარსის გამშვები პუნქტის ტერიტორიას.
აშშ მიესალმება პროგრესს, რომელსაც რუსეთმა და საქართველომ WTO–ში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე მიაღწიეს, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა: ”მოლაპარაკებები საკმაოდ კარგად მიდის. მივესალმებით მიღწეულ პროგრესს; თუმცა, ის ჯერ არ დასრულებულა.“
რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებს აფხაზური მხარეც გამოეხმაურა. სოხუმის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთი ”თავის მხარეს” დამკვირვებლებს არ მოითმენს. "პროცესი შვეიცარიელი შუამავლების მეშვეობით მიმდინარეობს, ჩვენ მას ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს. როგორც კი რუსეთის პოზიცია გახდება ნათელი, ჩვენ ჩვენს პოზიციას გამოვხატავთ," - თქვა ჩირიკბამ.




