საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტები ბათუმში შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა მიშელინ კალმი-რეიმ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიცია  განიხილეს.  საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება,  რომ,პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ბათუმში  გაიმართა, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს როგორია მოსკოვის პოზიცია შვეიცარიის მიერ შემოთავაზებულ და საქართველოს მიერ მიღებულ კომპრომისულ წინადადებაზე.  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ
მედიატორი ქვეყნის მიერ მომზადებულ დოკუმენტში გათვალისწინებულია  საქართველოს  მოთხოვნები, რაც საზღვრებზე ტვირთბრუნვის მონიტორინგსა და ინფორმაციის ელექტრონულ გაცვლას ითვალისწინებს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ არკადი დვორკოვიჩმა  მოსკოვში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ შვეიცარიის მიერ მომზადებულ პროექტში, არ არის მოხსენიებული საზღვრის საბაჟო კონტროლი  და საუბარია საგარეო მონიტორინგზე. დვორკოვიჩმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. 

 სამუშაო ჯგუფების მოლაპარაკების ბოლო რაუნდი ჟენევაში 9-10 ნოემბერს არის დანიშნული. მხარეების შეთანხმების შემთხვევაში,  ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის  გაწევრიანების საკითხს 153 ქვეყანა მინისტერიალზე, 15 დეკემბერს გადაწყვეტს.

კომენტარები