თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საკითხს მხარი საკრებულოს 38-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა, რადგან აბაშიძის და დოლიძის თანამდებობებიდან გათავისუფლების მოწინააღმდეგეები დარბაზიდან კენჭისყრამდე გავიდნენ.
სხდომის დასრულების შემდეგ, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა კოკი იონათამიშვილმა და მამუკა ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ საკრებულოში პოლიტიკურად მაღალი თანამდებობები შეთავაზებული ჰქონდათ ოპოზიციის წარმომადგენლებს - ზურაბ აბაშიძესა და ვიქტორ დოლიძეს, მაგრამ ისინი დაკისრებულ მოვალეობებს თავს ვერ ართმევდნენ. ფრაქცია ” ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების შეფასებით, ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე მოსახლეობის პრობლემატიკით დაინტერესების ნაცვლად, თანამდებობებს ძირითადად ,მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისთვის იყენებდნენ. თბილისის საკრებულოს თავჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილის ზურაბ აბაშიძის და სოციალურ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის აზრით, მათზე პოლიტიკური ანგარიშსწორება განხორციელდა. დოლიძე და აბაშიძე აცხადებენ, რომ ისინი წარმოადგნენ ირაკლი ალასანიას პარტიას , რომელიც ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობს და თანამდებობებიც ამისთვის დაატოვებინეს.




