აპატურაი: საქართველოსთან ნატოს თანამშრომლობის პრინციპები უცვლელია

ნატო არ ცვლის საქართველოსთან თანამშრომლობის პრინციპებს. ამის შესახებ დღეს  თბილისში განაცხადა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ. მან მონაწილეობა მიიღო   საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენციაში  და იქვე აღნიშნა,  რომ   არ იცვლება საქართველოსთან ნატოს  თანამშრომლობის პრინციპები და ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება.  აპატურაი შეეხო საქართველოში  ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს  წევრების ვიზიტს, რომელიც 9-10 ნოემბერს შედგება და თქვა, რომ  თბილისში ვიზიტის მოსამზადებელ საკითხებზეც მუშაობს.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის  განცხადებით,  ნატოს საბჭოს წევრები თბილისში  განიხილავენ  ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებს. "მათ შორის ვიმსჯელებთ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე.  ჩვენ გვინდა, რომ მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ამ როლისთვის, თუმცა გვინდა, უფრო მეტს მივაღწიოთ ერთად", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.  მანვე განმარტა, რომ  საქართველოს მთავრობა სწორი გზით მიდის,   თუმცა უახლოესი წლების განმავლობაში საქართველოს რამდენიმე მნიშვნელოვანი არჩევნები ელის და  ალიანსი  ზედმიწევნით დავაკვირდება  ამ პროცესს, რათა დაინახოს  საქართველოს მომდევნო   წინგადადგმული ნაბიჯები . 

კომენტარები