ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილის წარმომადგენელი თბილისის აეროპორტში შემოწმების მიზნით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტოს  ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის განცხადებით ,  ბიძინა ივანიშვილის  მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი ვალერი ლევინი,  22  ოქტომბერს შემოწმების მიზნით  დააკავეს და  შემდეგ  გაათავისუფლეს. დაკავებულის გათავისუფლების ფაქტი დაადასტურა ივანიშვილის პირადმა ადვოკატმაც.

ვალერი ლევინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს .  ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამსახურის  ცნობით,   მან  საქართველოში   რუსეთის საკონსულოსგან გამოთხოვილი  დოკუმენტაცია ჩამოიტანა, რომელიც  ბიზნესმენს რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტისთვის სჭირდება.

ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ  აღნიშნა, რომ   21 ოქტომბერს შეიტანეს სარჩელი საქალაქო სასამართლოში პრეზიდენტის იმ ბრძანებულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

ეკა ბესელიამ   Civil.ge-ს უთხრა,რომ უკვე დაწყებულია ოფიციალური პროცედურები ივანიშვილისთვის რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის მიზნით.  ბესელიას  განცხადებით, ბიძინა  ივანიშვილი  ამ ეტაპზე არ აპირებს უარი თქვას საფრანგეთის მოქალაქეობაზე. ადვოკატი ვარაუდობს,  რომ სასამართლოში პრეზიდენტის ბრძანებულების  ბათილობაზე პროცესი  თვეები გაიწელება და  არ  გამორიცხავს  გარკვეული პერიოდის შემდეგ, ივანიშვილმა პრეზიდენტს  საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართოს.

ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა შეუწყდა მას შემდეგ, რაც  საჯაროდ თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მიღებული ქონდა საფრანგეთის მოქალაქეობა.   უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება კი მოქმედი კანონით  იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

 

 

კომენტარები