მერდოკების ოჯახი

News Corp-ის ინვესტორებს მერდოკის გადადგომა სურთ

 News Corp-ის რამდენიმე მსხვილი ინვესტორი აპირებს, კომპანიის ხელმძღვანელს რუპერტ მერდოკს და მისი ორ ვაჟიშვილს კომპანიის ხელმძღვანელობა დაატოვებინოს.  სავარაუდოდ,   მერდოკს და მის შვილებს კომპანიიდან წასვლას News Corp-ის პირველ  ოფიციალურ შეხვედრაზე შესთავაზებენ, რომელიც უახლოეს ხანებში ლოს-ანჯელესში გაიმართება. შეხვედრა კორპორაციის აქციონერების ინიციატივით იმართება. ცნობილია, რომ მას დაესწრება  ბრიტანელი პარლამენტარი ტომ უოტსონი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ტაბლოიდ News of the World-თან დაკავშირებული სკანდალის ნიუანსების გამოაშკარავებაში. უოტსონმა უკვე განაცხადა, რომ მერდოკის ოჯახს ამ შეხვედრაზე მთელ რიგ ახალ ბრალდებებს წამოუყენებს.

ტაბლოიდის თანამშრომლები ეჭვმიტანილნი არიან პოლიციის მოსყიდვასა და სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენებში. სკანდალს, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ ჩართული, ხმაურიანი სასამართლო პროცესები და ტაბლოიდის დახურვა მოჰყვა. ყოველივე ამან მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა News Corps-ის აქციების ფასს ივლისში, თუმცა შემდეგ კორპორაციის ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდა და აქციების ფასი 6%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, სკანდალი ნეგატიურად აისახა კომპანიის რეპუტაციაზე.  ამას უკავშირდება აქციონერთა მოთხოვნაც.

ამჟამად რუპერტ მერდოკი საბჭოს თავმჯდომარისა და გენდირექტორის თანამდებობებს იკავებს. 

კომენტარები