ბანკ ქართუს ეროვნული ბანკი შეამოწმებს

ბანკ "ქართუს" საქართველოს ეროვნული ბანკი შეამოწმებს.ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია,  რომ  ეროვნულმა ბანკმა, როგორც საბანკო სექტორის რეგულატორმა და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის გარანტმა, მიიღო გადაწყვეტილება,  "ბანკ ქართუში" შექმნილი ვითარება ადგილზე დეტალური შესწავლის გზით შეაფასოს.
შემოწმების საფუძველი, ეროვნულ ბანკის განმარტებით, „ქართუს“ გარშემო შექმნილი „განსაკუთრებული ვითარება“ გახდა.  კერძოდ, თანამდებობები დატოვეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალურმა დირექტორმა და დირექტორის მოადგილეებმა. გარდა ამისა, დეტალურ შესწავლას საჭიროებს 18 ოქტომბერს ბანკ "ქართუში" მომხდარი ფაქტი, რომელთან დაკავშირებითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების მუხლით  აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, - განმარტავს ეროვნული ბანკი.

ეროვნული  ბანკის მიერ შემოწმების განხორციელების  მიზანია „პასუხი მიიღოს ყველა წარმოქმნილ შეკითხვაზე და მიღებული შედეგების საფუძველზე განსაზღვროს ბანკის სამომავლო ზედამხედველობის სტრატეგია". ბანკი ქართუ  გაუგებრად მიიჩნევს ფულის გათეთრების ბრალდებას. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 18 ოქტომბერს,  სალაროს გამაგრების მიზნით, ბანკმა ქართუმ საქართველოს ბანკთან გააფორმა 2 სტანდარტული ბანკნოტური გარიგება 2 მილიონ დოლარსა და  1 მილიონ ევროზე და ბანკის თანამშრომლები ინკასაციის განხორციელებისას  დააკავეს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლს კოდექსის 194 მუხლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულის გათეთრების ბრალდებით. 

 

კომენტარები