ჟურნალისტთა მკვლელობები

მედიის მდგომარეობა ლათინურ ამერიკაში

უგო ჩავესის ავადმყოფობამ ლათინური ამერიკის ანალიტიკურ წრეებში გააღრმავა მოსაზრება, რომ მისი პოპულისტურ-ავტორიტარული რეჟიმი თანდათან კარგავს ძალას. ამასთან, მცირდება საფრთხეც, რომელსაც ჩავესის რეჟიმი სამეზობლოში დემოკრატიის განვითარების კუთხით ქმნის.

ანალიტიკოსებთან შედარებით, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ წამყვანი ადგილობრივი გაზეთების რედაქტორებს. ლიმაში, Inter-American Press Association-ის შეკრებაზე, მედიის წარმომადგენლებმა  პრესაზე მაღალჩინოსნების მხრიდან განხორციელებული თავდასხმების არაერთი მაგალითი განიხილეს. ბოლო ექვს თვეში ლათინურ ამერიკაში 21 ჟურნალისტი მოკლეს, მათ შორის ხუთი მექსიკელი, ხუთი ჰონდურასელი და ოთხი ბრაზილიელი. ჟურნალისტები ძირითადად ნარკოტიკებით მოვაჭრეთა და სხვა კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობის გაშუქებას შეეწირნენ.

მედიაზე კრიმინალების ზეწოლას თან ერთვის ვენესუელაში, ეკვადორში, ბოლივიაში, ნიკარაგუასა და არგენტინაში ჩავესის მთავრობის და მისი თანამოაზრეების მხრიდან ჟურნალისტების შევიწროვებაც. ისინი იყენებენ ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტებს და პოლიტიკური ნიშნით დევნიან რეპორტიორებს.

Inter-American Press Association-ის შეკრებაზე ასევე განიხილეს ეკვადორის პრეზიდენტის, რაფაელ კორეას შეტევა რეგიონის ერთ-ერთ საპატიო გაზეთზე - El Universo of Guayaquil. კორეამ გამომცემლობის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით შეიტანა სარჩელი სასამართლოში. მიზეზი კი გაზეთში გამოქვეყნებული პრეზიდენტის კრიტიკის შემცველი სვეტი გახდა. პროცესი დარღვევებით წარიმართა: რამდენიმე მოსამართლის დათხოვის შემდეგ შერჩეულმა ,,დროებითმა მოსამართლემ“, დანიშვნიდან 33 საათში, 156-გვერდიანი გადაწყვეტილება გამოიტანა. სვეტის ავტორი და გაზეთის სამი დირექტორი დამნაშავედ სცნო. მათ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 10 მილიონი დოლარით დააჯარიმა. დამატებით 10 მილიონი დოლარი გაზეთსაც დააკისრა, რაც გამომცემლობის დახურვას გამოიწვევდა.  ახლა აღნიშნული საქმე ეკვადორის უზენაესი სასამართლოს ხელშია - გამომცემლობამ განაჩენი გაასაჩივრა.

ამ პირობებში, რეგიონში ერთადერთი ნათელი წერტილი პერუში ახლადარჩეული ოლანტა უმალას მთავრობაა. ჩავესის ყოფილმა მოკავშირემ და მემარცხენე პოლიტიკოსმა საარჩევნო კამპანიის დროს თავი შორს დაიჭირა კარაკასისგან. ხელისუფლებაში მოსვლიდან სამ თვეში კი ეკონომიკაში ცენტრისკენული კურსი აიღო. ლიმაში შეხვედრაზე უმალამ მედიის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი და იმედი გამოთქვა, რომ მანამდე დაშვებული შეცდომების გამოსწორებას მოახერხებდნენ.

 

კომენტარები