ალტერნატიული საკურორტო გადასახადი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელთათვის ახალი, ალტერნატიული გადასახადი დაწესდა. ფიზიკურ პირს, რომელიც საკურორტო ადგილებში დამსვენებელზე, საოჯახო ტიპის სასტუმროში ოთახებს აქირავებს, სურვილის შემთხვევაში შეუძლია საშემოსავლო გადასახადი ფიქსირებული ოდენობით გადაიხადოს. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა ნებაყოფლობითია და გადამხდელის განაცხადის საფუძველზე ხდება. ფართის ზომას თავად გადამხდელი ადგენს იმ ოთახების მიხედვით, რომლებიც სეზონზე დატვირთულია. ფიქსირებული გადასახადი გაქირავებული ფართის მიხედვით 1 კვ მეტრზე 10 ლარს შეადგენს.

საკანონმდებლო ცვლილების იდეა საკურორტო ზონის გადასახადის გადამხდელებთან შეხვედრისას გაჩნდა. ცვლილების ინიციატორი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურია. შემოსავლების სამსახურში მიაჩნიათ, რომ ამ ცვლილების შედეგად საოჯახო ტურიზმის სექტორი გაიზრდება: თუ საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელი ამ ტიპის გადასახადს აირჩევს, მაშინ იგი საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებისა და საბუღალტრო გადასახადისაგან გათავისუფლდება. შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ ერთი ფიქსირებული გადასახადით ორს – საშემოსავლო და დღგ-ს გადასახადებს – ჩაანაცვლებენ.

ფიქსირებული გადასახადის ამ ტიპით, დღეისათვის 250 გადამხდელი სარგებლობს. საოჯახო ტიპის სასტუმროების უმრავლესობა, ახალი გადასახადის შეფასებისგან თავს იკავებს, რადგან ტურისტული სეზონის საბოლოო დახურვას ელოდება. ქობულეთის საოჯახო ტიპის სასტუმრო კაპუჩინოში ამბობენ, რომ მათ ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლით ხარჯი მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. თუ აქამდე სეზონზე საშუალოდ 3000-4000 ლარს იხდიდნენ, ალტერნატიულ გადასახადზე გადასვლის შემდეგ ეს თანხა თითქმის განახევრდა.

თუმცა, კანონშივე დევს იმის წინაპირობა, რომ ყველა გადამხდელისთვის ალტერნატიულ დაბეგვრას ერთგვაროვანი ეფექტი არ ექნება. საგადასახადო კოდექსით, დაბეგვრის ობიექტის ადგილმდებარეობისა და სეზონურობის გათვალისწინებით, გადასახადი შეიძლება შემცირდეს, ან გაიზარდოს. ამ შემთხვევაში ინიციატორი ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა იყოს. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დავით ბუღაძის განმარტებით, „ნებისმიერ თვითმმართველობას შეუძლია პერიფერიებში მოსახლეობის ხელშეწყობის მიზნით შეამციროს ფიქსირებული გადასახადი და ცენტრალურ ქუჩებზე არსებულ სასტუმროებში გაზარდოს”. ამით სხვადასხვა ბიზნესის დაბეგვრა შერჩევითად მოხდება, რაც თავისუფალ ბაზარზე უხეში ჩარევაა.

კომენტარები