რუსეთი WTO-ში: კრემლის შვეიცარიული იმედები

გასულ კვირას, WTO-ს საკითხზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი, უშედეგოდ დასრულდა. მხარეების პოზიციები კვლავ რადიკალურად განსხვავებულია.

როგორც ტაბულას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განუცხადა, თბილისის მთავარი მოთხოვნა – რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე არალეგალური ტვირთბრუნვის საერთაშორისო მონიტორინგი – ძალაში რჩება. რუსული მხარე ამ მოთხოვნას კვლავ ეწინააღმდეგება. ქართული მხარის პოზიცია კომპრომისულია – თბილისი მზად არის საზღვარზე არა ქართველი მებაჟეების, არამედ დამკვირვებელთა საერთაშორისო მისიის განლაგებას დათანხმდეს.

თუმცა, გასულ თვეში რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ კრემლი წინააღმდეგია, WTO-ში გაწევრიანებისათვის „პოლიტიკური რეალიები შეცვალოს”, ანუ ეჭვქვეშ დააყენოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა”. მისი თქმით, ასეთ ფასს რუსეთი WTO-ში გაწევრიანების საფასურადაც არ გადაიხდის.

გასული თვეების განმავლობაში, საქართველოზე ზეწოლის თვალსაზრისით, მოსკოვი იმედებს აშშ-ზე ამყარებდა. რუსი პოლიტიკოსები ღიად მოუწოდებდნენ ვაშინგტონს, რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების წარმატებისთვის შეეწყო ხელი.

როგორც კონსულტაციების მორიგი რაუნდის წინ სააგენტო Bloomberg-ი ვარაუდობდა, რუსეთი ამ მხრივ განსაკუთრებულ იმედებს ამჯერად შვეიცარიას უკავშირებს. ამ ქვეყანას WTO-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებში შუამავლის როლი აქვს. შვეიცარია ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიურ კავშირსა და საკონსულო მომსახურებას უზრუნველყოფს.

„რუსეთს იმედი აქვს, რომ მსოფლიოს მეორე უძველესი ნეიტრალური ქვეყანა, შვედეთის შემდეგ, დაეხმარება მას დაძლიოს უპრეცედენტო 18-წლიანი ლოდინი და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას შეუერთდეს”, – წერს Bloomberg-ი.

„შვეიცარიის ნეიტრალიტეტი და ის, რომ ქვეყანა ევროკავშირისა და NATO-ს წევრი არ არის, უდიდესი უპირატესობაა, რადგან არ არსებობს რაიმე დაფარული დღის წესრიგი. მათთვის (რუსებისთვის) ამაში არაფერია, პრესტიჟის გარდა”, – განუცხადა Bloomberg-ს ჟენევის შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა დენიელ უორნერმა.

თუმცა, კრემლისთვის შვეიცარიის მონაწილეობა რუსეთ-საქართველოს დავის მოგვარებაში მხოლოდ პრესტიჟის საკითხს არ წარმოადგენს. მოსკოვს შვეიცარიაზე, როგორც შუამავალ მხარეზე, ზეგავლენის გარკვეული ბერკეტებიც აქვს. Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ „საშუამავლო მისია ხელს უწყობს შვეიცარიის კავშირების განვითარებას რუსეთთან, რომელიც 2010 წელს მსოფლიოს სიდიდით მე-11 ეკონომიკა გახდა. რუსეთი 2013 წელს G-20-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. შვეიცარიის ეკონომიკის მინისტრმა იოჰან შნაიდერ-ამანმა მოსკოვს სთხოვა, მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილ ერებში შვეიცარიის მიღებაზე იმსჯელოს”.

შვეიცარია დაინტერესებულია, რომ რუსეთმა მხარი დაუჭიროს მისი წევრობის გაგრძელებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ საბჭოში, სადაც ის ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინტერესებს წარმოადგენს. Bloomberg-ი ყურადღებას ამახვილებს შვეიცარიის დაინტერესებაზე შემოსავლების ისეთი წყაროებით, როგორიცაა მდიდარი რუსი ტურისტები, ასევე შვეიცარიულ კლინიკებში რუსეთის მოქალაქეთა მკურნალობა.

გარდა ამისა, რუსეთის გაწევრიანებამ WTO-ში ხელი უნდა შეუწყოს მოლაპარაკებების წარმატებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (რომლის წევრი შვეიცარიაცაა) და რუსეთ-ყაზახეთ-ბელარუსის საბაჟო კავშირს შორის. იმის შესახებ, რომ შვეიცარიამ მხარეებს საკუთარი წინადადებები შესთავაზა, დმიტრი მედვედევის ინტერვიუდან გახდა ცნობილი – რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი იზიარებს შვეიცარიის წინადადებას და მზადაა საქართველოს საზღვარზე მოძრავი ტვირთების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. მანამდე მხარეების წარმომადგენლებს შუამავლის წინადადებების შესახებ საჯაროდ არ უსაუბრიათ.

როგორც ტაბულასთან საუბრისას სერგი კაპანაძემ განმარტა, შვეიცარიის მხარემ, ჯერ კიდევ მოლაპარაკებების დაწყებამდე, თბილისსა და მოსკოვს კომპრომისის საკუთარი ვარიანტი შესთავაზა. ის ორკომპონენტიან სისტემას გულისხმობს – ტვირთების საერთაშორისო მონიტორინგსა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმს.

რუსულმა მხარემ მოლაპარაკებებზე მზადყოფნა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლაზე გამოთქვა. სერგი კაპანაძის განმარტებით, ეს წინადადება თბილისისათვის მისაღებია იმ შემთხვევაში, თუ „დაეფუძნებოდა რაიმე თანამედროვე სისტემას და შესაძლებლობა იქნებოდა ეს ინფორმაცია ნეიტრალურ მხარეს გადაემოწმებინა”. თუმცა, მოსკოვი ქართულ მხარეს ინფორმაციის მიწოდებას გადამოწმების რაიმე საშუალების გარეშე სთავაზობს, რაც, მინისტრის მოადგილის თქმით, სრულიად მიუღებელია.

მისი თქმით, თბილისი ელის, რომ რუსეთი შვეიცარიის წინადადებებს სრულად გაიზიარებს. შემდეგი შეხვედრა 7-8 ოქტომბერს შედგება. სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ „ეს იქნება ბოლო შეხვედრა, რომელზეც შეთანხმების მიღწევაა შესაძლებელი. ამ მოლაპარაკებისას გაირკვევა, თუ რამდენად სურს რუსეთს გახდეს WTO-ს წევრი”. 

კომენტარები