ეუთო-ში საქართველოში მისიის „ნაწილობრივ“ აღდგენაზე ფიქრობენ

ეუთო-ს მისია საქართველოში შესაძლოა შეზღუდული ფორმატით აღდგეს. ამის შესახებ თბილისში ვიზიტისას ორგანიზაციის მოქმედმა თავმჯდომარემ, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა განაცხადა. მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ ეუთო-ს მისია საქართველოში ვერ ხორციელდება. თუმცა,  აჟუბალისის განცხადებით, იგეგმება დროებითი გადაწყვეტილების მიღება, რომლის საფუძველზეც, საქართველოში ეუთო-ს მისია ნაწილობრივ მაინც განხორციელდება. "გვინდა, შევქმნათ ჯგუფი საქართველოს გარეთ,  ვენაში, რომელიც საქართველოში  ეუთო-ს მისიის ფუნქციას ნაწილობრივ მაინც შეასრულებს.  ამის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ", - განაცხადა აუდრონიუს აჟუბალისმა.

საქართველოში  ეუთო-ს მისიის მანდატის გაგრძელებას 2008 წელს ვეტო რუსეთმა დაადო. მოსკოვის უკმაყოფილება მისიის სახელწოდებამ გამოიწვია  - რუსეთი მოითხოვდა, ეუთო-ს წევრებს „ახალი რეალიები“ გაეთვალისწინებინათ და მისიის სახელწოდებაში „დამოუკიდებელი“ სამხრეთ ოსეთის სტატუსი დაეფიქსირებინათ. ამაზე ეუთო-ს წევრებმა უარი განაცხადეს.

ლიტველმა დიპლომატმა ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიოანების პერსპექტივებზე ისაუბრა.  "საქართველო იმსახურებს ძლიერ სიგნალს ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით, რადგან საქართველომ დიდი წვლილი შეიტანა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში. ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა დაარწმუნონ სხვა წევრი ქვეყნები, რომ საქართველო გახდეს ალიანსის წევრი", - აღნიშნა აუდრონიუს აჟუბალისმა.

კომენტარები