ბრიგიტა (გიტა) ფონ შტრახვიტცი - ქართველი მწერლის „ღვთიური სატრფო“

17. 11. 1962

ჟენევა

გიტა: მზეო ჩემო, „ წყაროვ“  ჩემო!

„ამ კვირაში შენთვის ცნობილმა შიშმა შემიპყრო: შიშმა შენს გამო. ხელშესახებად ვგრძნობდი, არ იყავი კარგად არც ფიზიკურად, არც სულიერად... სწუხარ იმაზე, რომ  იძულებული ხარ ჩემთან ჩამოსვლა კიდევ ერთხელ გადადო. დამშვიდდი, მაშინ ჩამოხვალ როცა შეძლებ. ჩამოხვალ რომ ჩემთან დარჩე სამუდამოდ. ესაა არსებითი. ჩვენი ბავშვი იქნება ჩვენივე სიყვარული გამოხატული მარადიულ  დაბადებაში.  ამ მარადიულობაში შენ გაიფურჩქნები როგორც ღვთიური ყვავილი, მე შევასრულებ ჩემს მისიას ამ ქვეყნად...“   (თარგმანი-ქეთევან შერვაშიძე) ასე მიმართავს თავის უკანასკნელ წერილში ჟენევაში მცხოვრები ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, გრიგოლ რობაქიძე მის სატრფოს, ავსტრიელ მხატვარს ბრიგიტა ფონ შტრახვიტცის. წერილი 1962 წლის 19 ნოემბრამდე  2 დღით ადრე დაიწერა. მანამდე სანამ ჟენევაში მწერლის კარს ფოსტალიონი კიდევ ერთხელ უშედეგოდ მიადგებოდა - მწერალს მისთვის კარი აღარასოდეს გაუღია.  სწორედ ეს წერილი აღმოჩნდა გრიგოლ რობაქიძის უკანასკნელი ნაწერი, რომელიც მის ბიოგრაფიას და შემოქმედებას განეკუთვნება. ერთ წლიანი კორესპონდენციის შემდეგ  30 წლის ავსტრიელი მხატვარი ქალბატონისა და 81 წლის ქართველი მწერლის  პლატონური სიყვარული ისტორიისა და  წერილების ფურცლებს შემორჩა. დღეს ეს წერილები უკვე საქართველოშია.
  
6 სექტემბერს ლიტერატურის მუზეუმში  გრიგოლ რობაქიძისა და ბრიგიტა ფონ შტრახვიტცის  წერილების მუზეუმის არქივისათვის ოფიციალური გადაცემა შედგა.  100- მდე გრიგოლ რობაქიძისა და  გიტა ფონ შტრახვიტცის მიმოწერა საქართველოში  სწორედ ამ უკანასკნელის დამ ჩამოიტანა - „მუზეუმისათვის წერილების გადაცემა სწორედ იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს წერილები საქართველოს საკუთრებაა და  სწორედ აქ უნდა დაბრუნებულიყო. მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე  კარგად იცნობდა ჩემს დას გიტას, იგი მან ვენაში გაიცნო. ამიტომაც ამ წერილებს ასე კარგად ვერავინ მოუვლის, როგორც ლაშა.“

ბეტინა, გიტა ფონ შტრახვიტცის და  14 წლით უმცროსი იყო მასზე,  სწორედ ეს არის იმის მიზეზი,  რომ საქართველოში სტუმრად მყოფი ქალბატონი ახლოს არ იცნობდა  ქართველ მწერალს და მხოლოდ გაგონილი და მოყოლილი ისტორიებით იხსენებს   დისა და ქართველი მწერლის სასიყვარულო ურთიერთობას -„ჩემი დისა და გრიგოლ რობაქიძის მიმოწერა სრულად 3 წლის წინ წავიკითხე. მათგან ვერც ერთს ვერ გამოვყოფ, რადგანაც თვითონ ისტორიაა უკვე უნიკალური და საინტერესო“ - აღნიშნავს ინტერვიუში ბეტინა ფონ შტრახვიტცი.

 მიმოწერის საქართველოში ჩამოტანა და კვლევა უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ქართული ლიტერატურის ასევე რობაქიძის ბიოგრაფიისა და ლიტერატურული მოღვაწეობის შესწავლისათვის. 

ლიტერატურის მუზეუმის საგამომცემლო სახლის კურატორი  ქალბატონი დალი ცომაია კარგად იცნობს გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებას. ის თავად ხელმძღვანელობდა მეცნიერული და საკვლევი მასალის მოძიებას, რაც  რობაქიძის 5 ტომეულისათვის მზადდებოდა.  მისი აზრით მუზეუმისათვის ეს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, როგორც მეცნიერული, ასევე მწერლის ბიოგრაფიის კვლევის თვალსაზრისითაც - „ერთი წლის კორესპონდენციაში შედის როგორც მწერლის წერილები ასევე მისი ლექსები, რომელთაგანაც ზოგიერთი უცნობიც კი იყო, ღია ბარათები და ამონარიდები გაზეთებიდან.“

ლიტერატურის მუზეუმი კვლავ აგრძელებს ქართველი მწერლის შემოქმედების კვლევას, მომავალში კი აღნიშნული წერილების თარგმნას და გამოცემას გეგმავს -  თუმცა უახლოეს პერიოდში,  სწორედ მუზეუმის ეგიდით გრიგოლ რობაქიძის ხუთტომეულს  უნდა ველოდეთ, რადგანაც წიგნი უკვე მზად არის გამოსაცემად.

*                              *                                                  *

„ლექსმა, რომელიც შენ ერთხელ  ჩემი რომანის „ Die Huter des grals“  წაკითხვის მერე დაწერე  - უსაზღვროდ გამაბედნიერა. ჩემი მარჯვენა საფერთქელით ვეხები : ვკოცნი შენს მარცხენა საფერთქელს.

გეხვევი ძლიერ, ძლიერ და : აუწერელ თრობაში ვართ განუყრელად ერთად.  

22.09.1962

ჟენევა

 

კომენტარები